აფგან მუხთარლი

მუსტაფაევა: მუხთარლი იუსტიციის სამინისტროს მის ადვოკატზე თავდასხმის გამოძიებას სთხოვს

Facebook/Leyla Mustafayeva

საქართველოდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ცოლის, ლეილა მუსტაფაევას თქმით, აფგანმა მას დაურეკა და უთხრა, რომ შიმშილობა თვალის ტკივილის პრობლების გამო შეწყვიტა. აგრეთვე, ლეილა წერს, რომ აფგანის თქმით, იუსტიციის სამინისტრომ მის ადვოკატზე თავდასხმა უნდა გამოიძიოს.

"აფგანმა ტელეფონით დამირეკა. მისი თქმით, შიმშილობის მესამე დღეს ძლიერი თვალების ტკივილი დაეწყო, შესაბამისად, გუშინ მან შიმშილობა შეწყვიტა. მას ჯერ კიდევ აქვს ძლიერი ტკივილი თვალებში და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო შემოწმებას.

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრომ მის ადვოკატზე თავდასხმა უნდა გამოიძიოს. შაფაიატ აბასოვი, მე-16 ციხის უფროსი და ემინ ემინალიევი - მისი მოადგილე, სანამ გამოძიება დასრულებამდე თანამდებობიდან უნდა განთავისუფლდნენ. ვინაიდან მათი  პატიმრები იძულებულნი არიან ნემატ კერიმლის წინააღმდეგ ჩვენება მისცენ. ჩვენების ხელმოწერაზე მხოლოდ ერთმა პატიმარმა თქვა უარი.

სასჯელაღსრულების სამსახურმა ნემატ კარიმლის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა, ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ანარ ბაგიროვმა ადვოკატთან დაკავშირებით მუქარის განცხადება გააკეთა.

აფგანი თვლის, რომ ადვოკატთა ასოციაციამ და სასჯელაღსრულების სამსახურმა ნემატ კარიმლისთან დაკავშირებით წინასწარ შემუშავებული პროვოცირება მოახდინეს, მიზანია ადვოკატის დაცვა და მისი ლიცენზიის შეჩერების მიღწევა. მისი თქმით, ნემატ კარიმლს 2018 წელს ერთი წლის განმავლობაში შეუჩერდა კანონის პრაქტიკა სწორედ მის გამო.

აფგანმა მომწერა, რომ თუ საქმეს სამართლიანად არ გამოიძიებენ, ის შიმშილობას დაიწყებს და მას სხვა პატიმრებიც შეუერთდებიან",- წერს აფგან მუხთარლის ცოლი ლეილა მუსტაფაევა თავის Facebook გვერდზე.

მუხთარლიმ აზერბაიჯანის ციხეში შიმშილობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ლეილა მუსტაფაევას თქმით, ის იძულებული გახდა, პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის მიემართა, ვინაიდან თავისი სიმართლის დასამტიცებლად სამართლებრივად ბრძოლის ბერკეტი აღარ დარჩა. 

გუშინ, 24 სექტემბერს, საქართველოდან გატაცებულმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ შიმშილობა შეწყვიტა. მისმა ცოლმა, ლეილა მუსტაფაევამ, ფეისბუქზე დაწერა, რომ ამის მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება იყო.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტმა და აქტივისტმა, აფგან მუხთარლიმ, რომელსაც აზერბაიჯანის ხელისუფლებას აკრიტიკებდა და ამის გამო მას ქვეყანაში დევნიდნენ, ცოლთან ერთად საქართველოს 2015 წელს შეაფარა თავი. ის 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა, 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს გაირკვა, რომ ის ბაქოში დაკავებული ჰყავდათ. თუმცა მისი პასპორტი თბილისში მის ცოლს ჰქონდა. მოგვიანებით ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს.

აფგან მუხთარლის ბრალად სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდის გადატანა ედება. ჟურნალისტს აზერბაიჯანში 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მანამდე კი, ზაქათალაში გარდაცვლილები იპოვეს მუხთარლის და, დისშვილი და ძმისშვილი. მათ ორმოცზე დასასწრებად ჟურნალისტი ორი დღით გაათავისუფლეს, რა დროსაც მან რუსთავი 2-ს მისცა ინტერვიუ და თქვა, რომ საქართველოდან ის კრიმინალურმა პოლიციამ გაიტაცა და მათ უფლება საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მისცა.

კომენტარები