გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან

გეწაძე: ექსტრემალური ვითარების გარდა, აბორტი უნდა აიკრძალოს, რა არის ამაში უცნაური

0 კომენტარი
ფოტო: პარლამენტი

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი, შოთა გეწაძე აბორტის აკრძალვის მომხრეა. ამის შესახებ მან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომან გოცირიძის კითხვის პასუხად თქვა. 

შოთა გეწაძე: [ჩემს სტატიაში] აბორტის ტოტალურ აკრძალვაზე მე არ ვსაუბრობ. პირიქით, მე ამის წინააღმდეგ გამოვდივარ. მე დავწერე, რომ აბორტის სრულად აკრძალვა არის გულუბრყვილობა, არ შეიძლება. არცერთ ქვეყანაში არ გაამართლა, გადაინაცვლა იატაკქვეშეთში. თუ ნაყოფის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, თუ დედის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, თუ ნაყოფის ჩასახვა მოხდა გაუპატიურების გზით, ინცესტის გზით, ასეთ დროსაც ვეთანხმები [აბორტს]. 

რომან გოცირიძე: ანუ ექსტრემალური ვითარებების გარდა აბორტი უნდა აიკრძალოს. 

შოთა გეწაძე: დიახ, რა არის ამაში უცნაური. 

ერთმანეთს უპირისპირდება ორი მნიშვნელოვანი უფლება - დედის უფლება, თავისი ცხოვრება, ჯანმრთელობა, განკარგოს ისე, როგორც მას მიაჩნია საჭიროდ და მეორე, ნაყოფის სიცოცხლის უფლება. მე ამ მეტად მგრძნობიარე ინტერესთა კონფლიქტს, თუ რამე პატივსადები მიზეზი არ არსებობს აბორტისა, ვწყვეტ ნაყოფის სიცოცხლის სასარგებლოდ. მაგრამ თუ პატივსადები მიზეზი არსებობს - ნაყოფს აქვს მძიმე დაავადება, ან დედის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება ორსულობით, მშობიარობით ან ა.შ, მაშინ საკითხს ვწყვეტ დედის უფლებების სასარგებლოდ. უმარტივესი საკითხია და ასევე, საჭირო საქართველოსათვის.

შოთა გეწაძე უკვე არის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ პორტფოლიოში აღნიშნულია, რომ გეწაძე აბორტის აკრძალვის შესახებ წარსულში სტატიებში საუბრობდა და ამის საფუძვლად პატრიარქის ეპისტოლეებს ასახელებდა. 

კერძოდ: 

კანდიდატი შოთა გეწაძე გამოქვეყნებულ სტატიაში „ემბრიონის/ფეტუსის სიცოცხლის უფლება და დისკრიმინაციული აბორტი“ გამოთქვამს რამდენიმე საინტერესო მოსაზრებას ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით:

კანდიდატის უარყოფითი დამოკიდებულება სელექციური აბორტის მიმართ

„საკითხის შესწავლისას იკვეთება დისკრიმინაციის (სქესის ნიშნით) აკრძალვის უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი პრინციპის დარღვევის პრაქტიკა, რაც გამოწვეულია ე.წ. სელექციური აბორტებით. სელექციური აბორტი სხვადასხვა სახისაა. მაგალითად, სელექციური ნიშნავს ორი ან მეტი ნაყოფის არსებობისას ერთ-ერთის მოცილებას, თუმცა, სელექციური აბორტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა ნაყოფის მოცილება სქესის ნიშნით, ანუ მსოფლიოში და, სამწუხაროდ, საქართველოშიც, ნაყოფის სიცოცხლის მოსპობა ხდება მხოლოდ იმის გამო, რომ იგი მდედრობითი სქესისაა“.

საქართველოს პატრიარქის ეპისტოლე და აბორტის პრობლემურობა

„აბორტის თემა ყოველთვის აქტუალური იყო საქართველოში, თუმცა, მასზე მსჯელობა განსაკუთრებით აქტუალურ ფაზაში შევიდა კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის 2013 წლის სააღდგომო ეპისტოლეს შემდეგ, სადაც აბორტის თემას ვრცელი ადგილი დაეთმო. პატრიარქმა პირველად მოუწოდა მთავრობას, აბორტი (გამონაკლისების გათვალისწინებით) კანონით აეკრძალათ აბორტი, სელექციური თუ ზოგადად, პირველ რიგში მენტალური და ეთიკური პრობლემაა და ამიტომ მასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება საზოგადოების განათლება და სათანადო განწყობის ფორმირებაა. მართალია, ეს საკმაოდ გრძელვადიანი პერსპექტივაა, მაგრამ საკითხის გადაწყვეტის ყველაზე ეფექტიან საშუალებად რჩება“.

კანდიდატის შეშფოთება აბორტების მზარდი დინამიკით საქართველოში და აბორტის გამართლების რამდენიმე მისეული გამონაკლისი

„სამწუხაროა, რომ ისეთ მცირერიცხოვან ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, აბორტების რიცხვი შემაშფოთებლად მაღალია. მართალია, არსებობს გარკვეული გარემოებები, როცა აბორტი შეიძლება გამართლებულად ჩაითვალოს, მაგალითად, თუ ორსულობის გაგრძელება დედის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის ან ნაყოფს მნიშვნელოვანი დეფექტები აღმოაჩნდა, თუმცა, კონტრაცეფციის უამრავი მეთოდის არსებობისას, ზრდასრულ ადამიანს შეუძლია, განსაჯოს საკუთარი ქმედებები და, საჭიროებისამებრ, დაიცვას თავი, თუკი ბავშვის გაჩენა არ სურს". 

კანდიდატი მომხრეა, აიკრძალოს აბორტი (გამონაკლისების გათვალისწინებით) „მსოფლიოში თითქმის ყველგან და, ამდენად, საქართველოშიც არსებობდა, არსებობს და, ალბათ, მომავალშიც იარსებებს აბორტი. იმის მტკიცება, რომ აბორტი მთლიანად უნდა აიკრძალოს, გულუბრყვილობაა. ამასთანავე, გონივრულ ფარგლებში, შესაბამისი გამონაკლისების არსებობის პირობებში, საქართველოში აბორტი უნდა აიკრძალოს. მრავალი ქვეყნის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სრულმა აკრძალვამ უკუშედეგი გამოიღო; აბორტი გავიდა სახელმწიფო რეგულირების სფეროდან და იატაკქვეშეთში გადაინაცვლა. 

შოთა გეწაძე ერთ-ერთია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ 20 კანდიდატიდან, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა. პარლამენტი კანდიდატებს უსმენს, შემდეგ კი მათ კენჭს სათითაოდ უყრის და უზენაესი სასამართლოს 20 ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნავს ან არ დანიშნავს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები