აშშ

პომპეო: ჩინურ ორგანიზაციებს ირანული ნავთობის გადაზიდვისთვის სანქციებს ვუწესებთ

Getty Images

25 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ჩინურ ორგანიზაციებს ირანული ნავთობის გადაზიდვის გამო სანქციები დაუწესა. 

სანქციები ჩინეთის 5 წარმომადგენელს და 6 ორგანიზაციას შეეხო. 

პომპეოს თქმით, ეს ირანზე წნეხის გაზრდისთვის ახალი ქმედებაა. 

სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ირანის რევოლუციურ გვარდიასთან ბიზნესის კეთების რისკებზე ქვეყნების განათლებისთვის ძალისხმევას გააძლიერებდა.

აპრილში აშშ-მა ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის და საუდის არაბეთის ოფიციალური პირები ირანს საუდის არაბეთის ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმაში ადანაშაულებენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ირანისათვის ახალი სანქციების დაწესების ბრძანება გასცა. აშშ საუდის არაბეთის თავდაცვის გასაძლიერებლად ჯარსაც გააგზავნის.

12 მაისს სპარსეთის ყურეში 4 ტანკერზე აფეთქება მოხდა, რაშიც აშშ-მა ირანი დაადანაშაულა. კიდევ 2 ტანკერზე აფეთქება 13 ივნისს მოხდა. ამ შემთხვევაშიც, აშშ-ს მიაჩნია, რომ ნაღმები ტანკერებზე ირანმა განათავსა, რასაც ირანი კატეგორიულად უარყოფს.

2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას ხელი ირანმა და გაეროს უშიშროების საბჭოს 5-მა მუდმივმა წევრმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა და მათთან ერთად გერმანიამ მოაწერეს. შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა ერთი წლის წინ მიიღო. მას შემდეგ აშშ-მა ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა, რასაც ირანული ვალუტის რეკორდული გაუფასურება და მასობრივი პროტესტი მოჰყვა.

1 ივლისს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მუჰამედ ჯავად ზარიფის თქმით ქვეყანამ 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით განსაზღვრული ლიმიტი დაარღვია და ურანის მარაგი გაზარდა.

შეგახსენებთ, რომ თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ აშშ-მა ჩინეთი უსამართლო ვაჭრობაში დაადანაშაულა და მხოლოდ გასულ წელს ჩინურ პროდუქციას 250 მილიარდი აშშ დოლარის ტარიფები დაუწესა. აშშ ჩინეთს ინტელექტუალური საკუთრების მოპარავაშიც ადანაშაულებს და მოითხოვს შეცვალონ ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ადგილობრივ კომპანიებს უსამართლოდ ანიჭებს უპირატესობას სუბსიდიების სახით.

აშშ-მა ჩინურ კომპანია Huawei-ს და მისი დამფუძნებლის ქალიშვილსა და კომპანიის მთავარი ფინანსური ოფიცერის, მენგ ვანჭოუს ირანისათვის დაწესებული სანქციების დარღვევაშიც დასდო ბრალი.

10 მაისს აშშ-მა ჩინეთს 200 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციაზე ტარიფები გაუორმაგა. ტარიფები 10%-დან 25%-მდე გაიზარდა სხვადასხვა პროდუქციაზე, მათ შორის თევზზე, ხელჩანთებზე, ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე და სხვა.

ჩინეთმა აშშ-ის დაწესებული ტარიფების საპასუხოდ 60 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე 1 ივნისიდან ტარიფები გაზარდა.ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა.

გასულ თვეს კი ტრამპის ადმინისტრაციამ ჩინეთი "ვალუტით მანიპულატორად" ცნო.

კომენტარები