ტყიბულის შახტა

გახარია: მეშახტეების უფლებებს დავიცავთ, ტყიბულში პრობლემის მოსაგვარებლად თურნავა წავა

საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის მინისტრს დაავალა, ტყიბულში წავიდეს და მეშახტეების პრობლემა მოაგვაროს. მან ნათია თურნავას მიმართა, იყოს მაქსიმალურად მკაცრი, "რათა დავიცვათ თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებები". გახარიას თქმით, ის, რაც ტყიბულში ხდება, აბსოლუტურად მიუღებელია.

"ყველა დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ვალდებულია, სრულფასოვნად შეასრულოს როგორც თავისი საფინანსო, სახელფასო ვალდებულებები, ასევე შეუქმნას თოთოელ დამსაქმებულს შესაბამისი შრომითი პირობები, რაც გულისხმობს შრომითი და ტექნიკური უსაფრთხიოების ნორმების სრულ დაცვას.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მიუღებელია, რაც დღეს ტყიბულში ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ის პრობლემებია, რაც წლების განმავლობაში გროვდება. მსგავს შემთხვევებს ჩვენს ქვეყანაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს, სწორედ ამიტომ, დღესვე, ეკონომიკის მინისტრი გაემგზავრება ტყიბულში არა გარემოებების გასაცნობად, არამედ პრობლემის მოსაგვარებლად, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მინდა ქალბატონ ნათიას ვთხოვო, იყოს მაქსიმალურად მომთხოვნი და მკაცრი, რომ დავიცვათ თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებები.

ჩვენ ვაკეთებთ და კიდევ ბევრს გავაკეთებთ ბიზნესის, დამსაქმებლის ინტერესების დასაცავად, ყოველთვის, იქ სადაც საშუალება გვექნება, დავუდგებით ბიზნესს გვერდით, თუმცა, დამსაქმებელმა და ბიზნესმა ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს ჩვენი მოქალაქის სოციალური ვალდებულებები, პასუხისმგებლობა და სრულად შეასრულოს ის" - განაცხადა გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

24 სექტემბერს ტყიბულში 30-მდე მეშახტე მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში ჩავიდა და ამოსვლაზე უარს ამბობს მანამ, სანამ კუთვნილ ხელფასს არ მიიღებს. ისინი ასევე ითხოვენ ინფორმაციას, როდის აღდგება ნახშირმოპოვებითი პროცესი.  "საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების" ინფორმაციით, მეშახტეებს ანაზღაურება 15 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ, თუმცა კომპანია ვერ ამბობს, თუ როდის დაურიცხავს მათ ხელფასებს. 

საქნახშირის განცხადებით, კომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს. 

"კომპანია საქნახშირისა და სახელმწიფოს თანადგომით ამ 13 თვის განმავლობაში უწყვეტად ხდებოდა პერსონალისთვის ხელფასის გაცემა, სადაზღვევო ხარჯების ანაზღაურება, მიმდინარე საოპერაციო ხარჯების დაფარვა. რაც ყოველთვიურად მილიონ ორასი ათას ლარზე მეტს შეადგენს და თითქმის 20 მილიონ ლარამდეა მთლიანობაში. ამ დროისთვის "საქნახშირი" დადგა რეალური ფინანსური პრობლემების წინაშე, ინფორმაცია ცნობილი იყო ტყიბულში დასაქმებულთათვისაც," - წერია "საქნახშირის" განცხადებაში და აღნიშნულია, რომ აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებენ სახელმწიფოსთან, რათა შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი ერთობლივად გამონახონ. 

ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის შახტებში ნახშირმოპოვებითი სამუშაოები 2018 წლის 16 ივლისიდან ყოფილი პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის, ბრძანებით შეჩერებულია. ტყიბულის შახტებში მხოლოდ სავენტილაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები ხორციელდება.   

ნახშირმოპოვებითი სამუშაოები მას შემდეგ შეჩერდა, რაც მინდელის სახელობის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციის გამო ჭერი ჩამოიშალა. ჩამოშლის შედეგად ოთხი ადამიანი სხეულის მძიმე დაზიანებებით გარდაიცვალა.  

ტყიბულის შახტში ანალოგიური მიზეზით, კედლების დეფორმაციის და შემდეგ მათი ჩამოშლის გამო 6 ადამიანი 2018 წლის აპრილშიც დაიღუპა.

კომენტარები