პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა გაეროში

წულუკიანი: პრეზიდენტმა საოკუპაციო ხაზთან უფლებადარღვევებს UN-ში სათანადო ყურადღება დაუთმო

ტაბულა

იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადამიანების უფლებების დარღვევას "სათანადო ყურადღება" დაუთმო.

"ის გამოსვლა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა გაეროს ტრიბუნიდან, ძალიან მნიშვნელოვანია ბოლო წლების განმავლობაში, რადგან ეს იყო საქართველოს პრეზიდენტის, ქალი პრეზიდენტის მიმართვა მსოფლიოს ქვეყნებისადმი და მე ვფიქრობ, მან სათანადო ყურადღება დაუთმო იმ მასიურ და გაუგონარ ადამიანის უფლებების დარღვევებს, რომელიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ყოველდღიურად ხდება. მან საკმაოდ დეტალურად, მაღალი ტრიბუნიდან ამცნო მსოფლიოს, ყველა ქვეყანას ვინც იქ ესწრებოდა, პრეზიდენტებსა და პრემიერმინისტრებს, საგარეო საქმეთა მინისტრებს იმის შესახებ, თუ რა ყოფაში უწევთ ჩვენს მოქალაქეებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ცხოვრება", - თქვა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ.

ოპოზიციის კრიტიკას, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას არ ახსენა პუტინი ან არ მოითხოვა სანქციები რუსეთისთვის, საქართველოს იუსტიციის მინისტრი ასე პასუხობს:

"თუკი პრეზიდენტს ოპონენტებმა უნდა დაუთვალონ რამდენჯერ ახსენა რუსეთი, მან ისაუბრა რუსეთზე, როგორც ოკუპაციის განმახორციელებელ სახელმწიფოზე".

სალომე ზურაბიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით გუშინ, 25 სექტემბერს მიმართა. მან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და თქვა, რომ რეგიონში მშვიდობის მისაღწევად საჭიროა დიპლომატია, დიალოგი და არსებული თუ ახალი ფორმატების გამოყენება.

კომენტარები