პრეზიდენტის შეწყალება

შეწყალების საქმე - ანგი ხუციშვილი პროკურატურაში მივიდა, მაგრამ კომენტარი არ გააკეთა

0 კომენტარი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა.

ხუციშვილმა უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტების არც ერთ კითხვას არ უპასუხა.

"არ გპასუხობთ. გამოძიებას გავცემ პასუხს" - აღნიშნა ხუციშვილმა გამოკითხვაზე შესვლამდე. 

შეგახსენებთ, რომ მარიამობის დღესასწაულზე სალომე ზურაბიშვილმა 34 ადამიანი შეიწყალა. შეწყალებულთა სია საჯარო არ არის, თუმცა, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის შეწყალებულთა შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. პრეზიდენტმა შეიწყალა ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა. აღსანიშნავია, რომ მთავარი არხის ინფორმაციით, იოსებ ქოიავას ოჯახი, რომლის მკვლელობისთვისაც ჰქონდა პატიმრობა მისჯილი ზურაბ ნადირაძეს, არ გამორიცხავს, რომ მსჯავრდებულის შეწყალება დიმიტრი გაბუნიას უკავშირდებოდეს. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრის ცნობით, პრეზიდენტის შეწყალებულ პირთა სიაში ისეთი ადამიანიც იყო, რომელიც ამ დრომდე იძებნება.

თავდაპირველად პრეზიდენტი არ პასუხობდა კითხვას, რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირი და ამბობდა, რომ პრეზიდენტს შეწყალების დისკრეციული უფლება აქვს. მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა და შეწყალების უფლების "დახვეწის" ინიციატივით გამოვიდა. 

მკვლელობაში მსჯავრდებული კიდევ ორი პირის შეწყალების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოებიდან წამოსული კრიტიკის შემდეგ კი, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. საგანგებო ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ "შეწყალების წესები უნდა გადაიხედოს და მორატორიუმიც სწორედ იქამდე იქნება ძალაში, სანამ ეს წესები შემუშავდება". 

წარსულში პატიმრების შეწყალების საკითხს შეწყალების კომისია განიხილავდა და პრეზიდენტიც შეწყალების გადაწყვეტილებას მათი რეკომენდაციების საფუძველზე იღებდა. სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემდეგ შეწყალების კომისია არ ფუნქციონირებს. 

ევროპული საქართველოს წყაროს ინფორმაციით კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხები უშუალოდ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას საშუალებითა და შუამდგომლობით გვარდება. პარტია ამ ინფორმაციის ნამდვილობის გამოძიებას გენერალურ პროკურატურას სთხოვს და ამისთვის ერთთვიან ვადას აძლევს. თუ ერთი თვის შემდეგ პროკურატურას კითხვებზე პასუხი არ ექნება, პარტია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დააყენებს. ევროპული საქართველოს ლიდერებმა 18 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, რომ მათი წყარო საადვოკატო წრეებთან არის დაკავშირებული.

23 სექტემბერს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ პირდაპირ არ თქვა, მაგრამ მიანიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილს შესაწყალებელ მსჯავრდებულთა სია ანგი ხუციშვილმა გადასცა. გაბუნიამ მხოლოდ მისი ამჟამინდელი თანამდებობა დაასახელა - პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამის გარკვევა არ გაუჭირდებათ. 

ვინ არის ანგი ხუციშვილი შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

25 სექტემბერს, პრეზიდენტის შეწყალების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, დიმიტრი გაბუნია იყო. მისი თქმით, გაუთქმელობის ხელწერილი დადო და დეტალურად გამოკითხვაზე ვერ ისაუბრებს. გაბუნიამ გამოკითხვის შემდეგ თქვა, რომ პროკურატურას 200%-ით ენდობა და მათ გამოკითხვისთვის მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თქმით, გამოძიების დასრულებისთანავე, ყველა ის პირი, როგორც თვითონ ამბობს, ცილი დასწამა, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. ის ირმა ნადირაშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები