ლიტვა

ნაუსედა: არასდროს შევურიგდებით ყირიმის ანექსიას, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას

გიტანას ნაუსედა
LRT

26 სექტემბერს ლიტვის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

მან თავის სიტყვაში რუსეთის საგარეო პოლიტიკას, მის მიერ ოკუპირებულ და ანექსირებულ ტერიტორიებს გაუსვა ხაზი. ნაუსედამ დამსწრეებს რუსეთის ისტორიაც გაახსენდა და ეჭვქვეშ დააყენა საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონის იდეა, რომ რუსეთი ახალი გეოპოლიტიკური სივრცის ნაწილი უნდა გამხდარიყო.

იხილეთ აღნიშნული სიტყვის ნაწყვეტი ნაუსედას გამოსვლიდან:

"საუბედუროდ, მსოფლიოში, სადაც უამრავი კრიზისია, ევროპა გამონაკლის აღარ არის. ძალის არალეგიტიმური გამოყენება, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვა ევროპის ყოველდღიურობა გახდა.

რუსეთი, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, რომელიც 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე უსუსური საერთაშორისო პასუხით არის წახალისებული, კვლავ ცდილობს მეზობელ ქვეყნებში მეტი დესტაბილიზაცია შეიტანოს.  

ლიტვა მკაცრად გმობს საერთაშორისო სამართლის ამ განგრძობად დარღვევებს და აგრესორს მოუწოდებს, რომ პატივი სცეს გაეროს წესდებას, ჰელსინკის აქტს და უკრაინასთან ორმხრივ შეთანხმებებს. ჩვენ საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას გავაგრძელებთ. ჩვენ არასდროს შევურიგდებით ყირიმის უკანონო ანექსიას, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციას. რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების წინაპირობა მინსკის შეთანხმების შესრულებაა. 

ზოგიერთმა პოლიტიკოსმა იდეა წამოჭრა, რომ ახალი გეოპოლიტიკური სივრცე ატლანტის ოკეანიდან ვლადივოსტოკამდე უნდა იყოს, რაც რუსეთს მოიცავს. ეს შეიძლება საინტერესოდ ჟღერდეს, მაგრამ გვაქვს თუ არა ამისთვის საერთო საფუძველი? გვაქვს თუ არა საერთო ღირებულებები? პასუხი არის - არა!

ჩვენ ისტორიის გაკვეთილები უნდა გვახსოვდეს. იყო დრო, როდესაც მემარცხენე ინტელექტუალები ვლადიმერ ლენინს რუსეთის რევოლუციის დროს ძალაუფლების სათავეში მოსვლას ულოცავდნენ. იყო დრო, როდესაც დამოუკიდებლობის მაძიებელ ბალტიის სახელმწიფოებს უთითებდნენ, რომ არ ეჩქარათ, რათა მიხეილ გორბაჩოვის პერესტროიკისთვის ხელი არ შეეშალათ. ორივე შემთხვევაში ეს უდანაშაულო ხალხის სისხლით დასრულდა.

პრინციპულად, ჩვენ მხარი არ უნდა დავუჭიროთ კავშირებს, სადაც ზოგიერთი სახელმწიფო ისტორიის სუბიექტი ხდება, ზოგიერთი კი მხოლოდ ობიექტი. დღეისთვის, რუსეთს არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ ჩვენი ნდობა დაემსახურებინა. შესაძლებელია ამის შეცვლა? დიახ. დემოკრატიული რუსეთი, რომელიც საერთაშორისო სამართალსა და სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს პატივს სცემს - ჩვენ პირველები უნდა ვიყოთ, ვისაც მოვლენათა ასეთი განვითარება უნდა მიულოცოთ".

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა G7 სამიტის დასრულების შემდეგ 27 აგვისტოს ფრანგ დიპლომატებთან განაცხადა, რომ რუსეთის ევროპიდან გაძევება მათ ინტერესში არ არის.

"რათქმაუნდა, ზოგიერთი ჩვენი მოკავშირის ინტერესში არ არის და ზოგ მოკავშირეს მეტი სანქცია სურს იმიტომ, რომ ეს მათ ინტერესშია, მაგრამ ეს ჩვენ ინტერესში არაა," - თქვა მაკრონმა.

აგვისტოში საფრანგეთში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ვიზიტის შემდეგ მაკრონმა თავის Twitter-ის გვერდზე დაწერა, რომ "დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის მომავალი სრულიად ევროპულია. ჩვენ გვჯერა ასეთი ევროპის, რომელიც ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე გაგრძელდება".

მაისში ლიტვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ეკონომისტმა და დამოუკიდებელმა კანდიდატმა გიტანას ნაუსედამ გაიმარჯვა და ყოფილი ფინანსთა მინისტრი ინგრიდა შიმონიტე დაამარცხა.

ნაუსედა ბანკში SEB მთავრი ეკონომისტია და ასევე ლექტორადაც მუშაობს. მას დიდი გამოცდილება არ აქვს პოლიტიკაში. ნაუსედა საპრეზიდენტო კამპანიაში ხაზს უსვამდა მის დამოუკიდებლობას, თუმცა აღნიშნავდა, რომ მთავრობაში ყველა პარტიასთან შეძლებდა თანამშრომლობას.

ახალმა პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტეს ჩაანაცვლა, რომელიც ლიტველებმა ორჯერ 5-წლიანი ვადით აირჩიეს პრეზიდენტად.

კომენტარები