ბესელიას და ზარდიაშვილის დაპირისპირება

ბესელია: გაფრთხილებთ, ან უზრუნველყოფთ პროცესის მშვიდად ჩატარებას, ან მას ვერ ჩაატარებთ

0 კომენტარი
ფოტო: პარლამენტი

ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განცხადება გააკეთა, თუმცა, სიტყვის დასრულების საშუალება არ მიეცა, ანრი ოხანაშვილმა მას მიკროფონი გამოურთო. 

მანამდე ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს დღეს სახეში გაარტყა მას შემდეგ, რაც ზარდიაშვილმა "ბესელიას მორალის" შესახებ რეპლიკა გააკეთა.

ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა ანრი ოხანაშვილს მიმართა და უთხრა, რომ ან კეთილი ინებოს და მოსამართლეთა შერჩევის პროცესის მშვიდად ჩატარება უზრუნველყოს, ან "ვერ ჩაატარებს ამ პროცესს". 

ეკა ბესელია: მე პირადად გაფრთხილებ [ანრი ოხანაშვილს], ან წაიყვან ამ პროცესს ნორმალურად, რომელიც არის ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, ეს არ არის არც შენი, არც ვინმეს პირადი ამბავი, ეს არის ამ ქვეყნის მომავალი. ამ ქვეყნის მომავლისთვის იმდენი ვიბრძოლეთ ჩვენ, აი აქამდე მოგიყვანეთ, მანდ რომ ზიხარ, ჩვენი დამსახურებით ზიხარ

ანრი ოხანაშვილი: ღმერთმა დამიფაროს, თქვენი მოსაყვანი გავხდე სადმე. 

ეკა ბესელია: კეთილი ინებე და კრიტიკული მოსაზრებებიც მოისმინე, მანდ რომ ზიხარ, მააგიტომ ზიხარ. 

ამიტომ, ეს არის ჩემი გაფრთხილება. კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ. ჩემს მოთმინებას თქვენ ნუ ამოწმებთ, ეს გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე თქვენ გგონიათ, მაგრამ არ ვაპირებ ასეთი პროვოკაციების მოთმენას და ჩვეულებრივად გატარებას, რაც აქ ხდებოდა ცოტა ხნის წინ. მიკროფონის გარეშე მიაყენებ ადამიანს შეურაცხყოფას თუ მიკროფონით ხელში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. 

არ გამოვა ეგრე. ამიტომ ან კეთილს ინებებთ და უზრუნველყოფთ, რომ მეორედ არ მოხდეს ის, რაც აქ მოხდა, ან ვერ ჩაატარებთ ამ პროცესს. ვერ ჩაატარებთ ვერც კომიტეტის სხდომას. 

და მეორე, მოსამართლეების შერჩევის პროცესზე, რომელიც ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი და არა თქვენი პირადი ინტერესებისთვის, სასამართლო ამ ქვეყანას სჭირდება - კეთილი ინებეთ და პროცესი წაიყვანეთ ისე, რომ ჩვენ არ დაგვჭირდეს ამ პროცესების გარეთ გატანა, თორემ ძალიან მძიმედ ასრულდება ეს ამბავი", - თქვა ბესელიამ. 

ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოხდა. მოსამართლე მირანდა ერემაძის მოსმენისას გედევან ფოფხაძემ ვანო ზარდიაშვილს უთხრა, რომ მისი "მორალური ხედვები" იცის, რაზეც ვანო ზარდიაშვილმა "ბესელიას მორალისკენ" მიუთითა. ამან ეკა ბესელიას გაღიზიანება გამოიწვია.

მირანდა ერემაძე ერთ-ერთია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ 20 კანდიდატიდან, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა. პარლამენტი კანდიდატებს უსმენს, შემდეგ კი მათ კენჭს სათითაოდ უყრის და უზენაესი სასამართლოს 20 ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნავს ან არ დანიშნავს. 

მოსამათლეობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტმა 23 სექტემბერს დაიწყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები