ზარდიაშვილი: იგონებენ, რომ ბესელიას შეურაცხყოფა მივაყენე, ჩემს ბუნებაში და აღზრდაში არ ზის

ტვ. პირველი

ქართული ოცნების დეპუტატის, ვანო ზარდიაშვილის თქმით, მას ეკა ბესელიასთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და ის "მორალის ხსენებაზე წამოენთო". ზარდიაშვილმა ტვ.პირველთან საუბარში ეკა ბესელიასთან დაპირისპირებაზე ისაუბრა. 

"გედევან ფოფხაძემ ახსენა ჩემი მორალი რაღაც კონტექსტში. მე ქალბატონ ეკა ბესელიასთან საერთოდ შეხება არ მქონია. მე უბრალოდ გავხედე ფოფხაძეს და ვუთხარი რომ როცა ბესელიას მორალი არ აკვირვებს, იქ ჩემი მორალი მისატანი არ იქნებოდა. ამაზე ქალბატონი ეკა წამოენთო დ არაც იკადრა ნახეთ. ახლა რაღაცებს იგონებენ, თითქოს მე შეურაცხყოფა მივაყენე ქალბატონ ეკას, ეს ჩემს ხასიათში ჩემს ბუნებაში და აღზრდაში არ ზის"- ამბობს ზარდიაშვილი.

ჟურნალისტის კითხვაზე, მორალზე მითითება არის თუ არა შეურაცხმყოფელი, ზარდიაშვილი ამბობს, რომ ეს ყველაზე მსუბუქი შეფასებაა, რადგან რეალურად ხედავს რას აკეთებს ბესელია და როგორი ჩანს საზოგადოებაში. 

"უბრალოდ მოხდა ერთი ძალიან კარგი ფაქტი. ქალბატონმა ეკამ აჩვენა თავისი ნათელი სახე საზოგადოებას და ჩვენ სამსახურში მას თითქმის ყოველდღე ასეთს ვუყურებთ. ამას დაადასტურებს, როგორც აპარატი, ასევე კომიტეტის წევრები და სულ ყველა. საზოგადოების თვალში არის სხვანაირი და სამუშაო გარემოში სხვანაირი"- ამბობს ზარდიაშვილი.  

მისივე თქმით, ეკა ბესელია ჩვეულებრივი მოძალადეა და ის ყოველდღიურად "ესე" ცხოვრობს. 

"მისთვის ეს გასაკვირი არ არის და მოსალოდნელი იყო. რაც შეეხება ქალბატონ ეკასთან ჩემს დამოკიდებულებას. მასზე შეხედულება მე მუდმივად მქონდა და მის შეფასებაში მე ახალი არ გამიგია არაფერი"- ამბობს ზარდიაშვილი. 

ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოხდა. მოსამართლე მირანდა ერემაძის მოსმენისას გედევან ფოფხაძემ ვანო ზარდიაშვილს უთხრა, რომ მისი "მორალური ხედვები" იცის, რაზეც ვანო ზარდიაშვილმა "ბესელიას მორალისკენ" მიუთითა. ამან ეკა ბესელიას გაღიზიანება გამოიწვია.

მირანდა ერემაძე ერთ-ერთია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ 20 კანდიდატიდან, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა. პარლამენტი კანდიდატებს უსმენს, შემდეგ კი მათ კენჭს სათითაოდ უყრის და უზენაესი სასამართლოს 20 ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნავს ან არ დანიშნავს. 

მოსამათლეობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტმა 23 სექტემბერს დაიწყო.

კომენტარები