ლარის გაუფასურება

ლარის ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურების შემდეგ, ეროვნული ბანკი $40 მილიონს ყიდის

ტაბულა

მას შემდეგ, რაც ლარი დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმზე დაეცა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა, 40 მილიონი აშშ დოლარი გაიტანოს სავალუტო აუქციონზე.

26 სექტემბრის სავალუტო ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით 0.71 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ფასი ოფიციალური კურსით 2.9808 ლარია.

"ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის არსებული დონე კვლავ მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას ქმნის. ამ ზეწოლის გასანეიტრალებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ა.წ. 25 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა.

გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ზემოქმედების გასაძლიერებლად, ეროვნული ბანკი ხვალ, 27 სექტემბერს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის."
- ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციას ბოლო ორ თვეში მეორედ ახორციელებს:

ივნისის პირველ ორ კვირაში 2.74-მდე ჩამოსვლის შემდეგ, ლარმა 14 ივნისიდან გაუფასურება განაგრძო და 1 აგვისტოს დოლართან მიმართებით მაშინდელ ისტორიულ მინიმუმამდე - 2.9718-მდე დაეცა.

1 აგვისტოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა და აქედან 32.8 მილიონი გაყიდა, რასაც ლარის ოდნავი გამყარება, შემდეგ კი კვლავ გაუფასურება მოსდევს.

კომენტარები