გამოხატვის თავისუფლება

FACEBOOK-ის დახურულ ჯგუფში ლექტორის გინების გამო სასამართლომ სტუდენტი სამართალდამრღვევად ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა სტუდენტი, რომელმაც ლექტორს დახურულ Facebook ჯგუფში შეაგინა, სამართალდამრღვევად ცნო.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე სპეციალობის სტუდენტს ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა. გუშინ, 25 სექტემბერს, სასამართლომ სტუდენტი სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა სახდელისგან გაათავისუფლა და შენიშვნით შემოიფარგლა.

ბუბა ნაჭყებია მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებით მისი გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდა და აპირებს, სააპელაციო სასამართლოს მიმართოს.

"ქართულმა მართლმსაჯულებამ აგვიკრძალა სოციალურ ქსელებში, დახურულ ჯგუფებში კომუნიკაცია და გამყიდველი, რუსეთუმე, კომუნისტი, ოდეერი, სუს-ის აგენტი და ჩანერგილი პროფესორ-აკადემიკოსების ლანძღვა პირველმა ინსტანციამ დაუშვებლად ცნო. მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა მოსამართლეობის საცდელ ვადაშივე მოაწერა ხელი კომუნისტურ იდეოლოგიებს. სტუდენტებს გვამარცხებენ, გვჩაგრავენ, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას გვიზღუდავენ, გვაცხოვრებენ ოცნებების გარეშე, კარიერული წინსვლის გარეშე, საჯარო სამსახურის გარეშე!.. ფართო გზა ეხსნება კომუნიზმს და რუსეთუმეებს...", - წერს სტუდენტი ფეისბუქზე.

ბუბა ნაჭყებია ტაბულასთან ჰყვება, რომ არსებობს ინფორმაცია გორაშვილის მხრიდან ცოლზე ძალადობის შესახებ, დაწყებული იყო გამოძიებაც, თუმცა პასუხისგებაში არ მისცეს. სტუდენტის თქმით, ფეისბუქზე შეხვდა ფოტო, სადაც ლექტორი სპორტსმენ ქალთან ერთად დგას. მან ეს ფოტო სოციალური ქსელის დახურულ ჯგუფში, სადაც მხოლოდ სტუდენტები არიან, გადაიტანა წარწერით "როცა ცოლზე ვერ იძალადებ", კომენტარებში კი გორაშვილს აგინა.

სტუდენტი ამბობს, რომ რამდენიმე დღის შემდეგ გამომძიებელმა დაურეკა და მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების შესახებ აცნობა. ბუბა ნაჭყებიას ლექტორი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ედავებოდა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

კანონმდებლობა წვრილმან ხულიგნობას ასე განმარტავს:

"საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს".

კომენტარები