ბოკუჩავა: ბესელიას მსგავსად ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლები უმეტესად ქალები ხდებიან

ენმ-ის წევრი თინა ბოკუჩავა ეკა ბესელიას გამოექომაგა და პარლამენტის ქალ დეპუტატებს მოსთხოვა, დაგმონ ის, რაც უძღოდა წინ ეკა ბესელიას და ვანო ზარდიაშვილის ფიზიკურ დაპირისპირებას. 

მან ანრი ოხანაშვილსაც მიმართა, შეაფასოს დაპირისპირებამდე მომხდარი. 

"ძალიან მნიშვნელოვანია კონტექსტი. არ შეიძლება, კონტექსტიდან ამოვგლიჯოთ და სრულიად ემოციებისგან დაცლილი ყოფნა ვთხოვოთ ნებისმიერ დეპუტატს. 

თქვენ უნდა მოუწოდებდეთ ნებისმიერ დეპუტატს, თავი შეიკავოს ასეთი ამორალური განცხადებებისგან. ეს არის ამორალური ქმედება და მას შეიძლება მოჰვეს ისეთი ქმედებები, რაც არ შეეფერება პარლამენტის კომიტეტის სხდომას, მაგრამ არც უნდა იყოს გასაკვირი.   

თქვენ ძალიან ცალმხრივად განიხილავთ მომხდარს. მეორე მხარესაც უნდა შევხედოთ, რომ როგორც წესი, ისეთი ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლი, რისი მსხვერპლიც იყო და დღესაც გახდა ქალბატონი ეკა ბესელია, როგორც წესი, არიან სწორედ ქალები. ამიტომ, აქ მსხდარმა პარლამენტის ქალმა წევრებმა უნდა გამოხატონ თავიანთი აღშფოთება მომხდართან დაკავშირებით, გამოუცხადონ სოლიდარობა ქალ პარლამენტის წევრს, პოლიტიკოსს, რომ არცსხვა ქალებს შეეშინდეთ პოლიტიკური საქმიანობა. 

იმიტომ რომ, დიახ, ბიძინა ივანიშვილი იყენებს ყოველგვარ ბინძურ მეთოდს, რომ ებრძოლოს განსხვავებულ აზრს, თუნდაც საკუთარი გუნდის ყოფილ წევრს", - თქვა თინა ბოკუჩავამ. 

მან ასევე მოითხოვა, მომხდარი პარლამენტის გენდერულმა საბჭომ განიხილოს. 

ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოხდა. მოსამართლე მირანდა ერემაძის მოსმენისას გედევან ფოფხაძემ ვანო ზარდიაშვილს უთხრა, რომ მისი "მორალური ხედვები" იცის, რაზეც ვანო ზარდიაშვილმა "ბესელიას მორალისკენ" მიუთითა. ამან ეკა ბესელიას გაღიზიანება გამოიწვია.

ეკა ბესელიამ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებით ადამიანებზე ზეწოლა და შანტაჟი გრძელდება და ამის რამდენიმე ფაქტი იცის. როგორც მან "მთავარ არხთან" ინტერვიუში თქვა, მათ შორის, ვისაც აშანტაჟებენ, უმრავლესობის წევრებიც არიან და ამის შესახებ მათ თავად უთხრეს.  

28 იანვარს დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ინტერნეტ სივრცეში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო ჩანაწერები ვრცელდებოდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო, რაც, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფას გულისხმობს.

1 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 ახალგაზრდა დააკავა. მათი დანაშაული ის იყო, რომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი ნახეს და ის რამდენიმე მეგობარს გაუგზავნეს. მათ ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს, ნაწილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამ დროისთვის ყველა მათგანი გათავისუფლებულია. 

ჭიჭინაძის ამ განცხადებამდე ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია თავის გუნდს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების 10-კაციანი სიის შესახებ დაუპირისპირდა, რისი კულმინაციაც 22 თებერვალს მის მიერ ქართული ოცნების უმრავლესობის დატოვება იყო.

2 მაისს, პარლამენტში, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკა ბესელიას კითხვას, არის თუ არა დაცული მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოება, უპასუხა და თქვა:

"დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში პირველ წყაროს ვიპოვით. ამის გაცხადების აბსოლუტურად ობიექტური და ადეკვატური მიზეზები მაქვს, თუმცა ფორმალური მხარე არ მაძლევს იმის საშუალებას, ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრო". 

23 ივლისს, შსს-ს ცნობით, ბრალი წარუდგინეს პირს, რომელმაც ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტში პირველად გაავრცელა. მათი თქმით, ვიდეოჩანაწერი 2019 წლის იანვრის თვეში, მკვლელობისთვის ამჟამადაც პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ დ.ა.-მ. ინტერნეტით გაავრცელა სომხეთის რესპუბლიკიდან. შსს-ს მტკიცებითვე, ეს კადრები დ.ა.-მ Facebook-ის მესენჯერის საშუალებით რუსეთის მოქალაქე მ. დ-სგან მიიღო.

კომენტარები