გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან

ერემაძე: ქალებს არ უნდათ ადმინისტრაციულ პოზიციებზე ყოფნა, სხვა ფუნქციებიცაა, ოჯახი, შვილები

მირანდა ერემაძე
პარლამენტი

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი, მირანდა ერემაძე ამბობს, რომ ქალები თავად ამბობენ უარს სასამართლო სისტემის შიგნით ადმინისტრაციული თანამდებობების დაკავებაზე. 

მისი თქმით, ამის მიზეზი "ქალისთვის დამატებითი ფუქნციებია - ოჯახი, შვილები". 

მირანდა ერემაძე "ქალ მოსამართლეთა ასოციაციის" დამფუძნებელია. 

მისი თქმით:

"გაერთიანების მიზანი გახლავთ ის, რომ უფრო მეტად ისმოდეს ქალი მოსამართლეების ხმა მართლმსაჯულების სისტემაში/ ის გენდერული დისბალანსი პირიქით გვაქვს მგონი სისტემაში, უმრავლესობაში ჩვენ ვართ, პრობლემაა ადმინისტრაციულ პოზიციებზე ქალი მოსამართლეების ნაკლებობა და ჩვენ ვაპირებთ ამ კუთხით ვიმუშაოთ.

გარდა ამისა, სხვა გეგმებიც გვაქვს როგორც მართლმსაჯულების შიგნით, ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით. 

რაც შეეხება მიზეზს, რატომ არის ასე - ძირითად შემთხვევაში თვითონ აქვთ ნაკლებად სურვილი, რომ იყვნენ ადმინისტრაციულ პოზიციებზე. სურვილი არ არის ქალბატონებში, რომ იყვნენ ადმინისტრაციულ პოზიციებზე". 

კითხვაზე, რითი შეიძლება ეს იყოს განპირობებული, მირანდა ერემაძე პასუხობს: 

"ალბათ იმიტომ, რომ ქალს კიდევ დამატებითი ფუნქციები აქვს, ოჯახი, შვილები, ანუ დატვირთვა. მე პირადად მირჩევნია სამოსამართლეო საქმიანობა განვახორციელო, რაც სიამოვნებას მანიჭებს, ვიდრე ადმინისტრაციული ფუქნციები შევასრულო. მოგეხსენებათ, [ქალების და კაცების შემთხვევაში] თანაბარი დატვირთვა არ არის". 

მირანდა ერემაძე ერთ-ერთია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ 20 კანდიდატიდან, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა. პარლამენტი კანდიდატებს უსმენს, შემდეგ კი მათ კენჭს სათითაოდ უყრის და უზენაესი სასამართლოს 20 ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნავს ან არ დანიშნავს. 

მოსამათლეობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტმა 23 სექტემბერს დაიწყო. 

კომენტარები