დაპირისპირება პარლამენტში

ბესელია: ზარდიაშვილი ოცნების საპარლამენტო სიაში ჩინჩალაძემ ჩასვა, ივანიშვილმა ეს იცოდა

მთავარი არხი

ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი მმართველი გუნდის საპარლამენტო სიაში სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძემ ჩასვა. 

ბესელიამ ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი ქართული ოცნების თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის, ცნობილი იყო. 

"საიდან დაიწყო, მე არც ვიცოდი ეს ადამიანი ვინ იყო. მოგვიანებით გავიგე, რომ ადეიშვილთან, შემდეგ ინტერვიუშიც მისი ყოფილი პატრონი იხსენებს, რომ თურმე მისი ღამის ასისტენტი, მორიგე, თუ თანაშემწე ყოფილა და ნარკოტესტი რომ ვერ გაიარა, ამიტომ გამოუშვეს და მგონი, არც დღეს არ იყო ფხიზელი. მე მის შესახებ გავიგე, რომ ის მოიყვანეს კომიტეტში, ჩინჩალაძემ საპარლამენტო სიაში ჩასვა, მოგვიანებით ეს დადასტურდა და ივანიშვილმა ეს ძალიან კარგად იცოდა. ახლა არ ვიცი, შეიძლება თქვას, არ ვიცი საიდან მოვიდა ეს ზარდიაშვილიო, თუმცა მის მიმართ ყოველთვის ჰქონდა ეს ნეგატიური რეაქცია, რასაც, არვიცი, ჩემთან ასე ამჟღავნებდა",- თქვა ბესელიამ. 

ვანო ზარდიაშვილს არაერთხელ დაუდასტურებია, რომ მას მოსამართლე ჩინჩალაძესთან ახლო მეგობრობა აკავშირებს. 

28 იანვარს ტაბულას წყარომ მიაწოდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ ზარდიაშვილი პარლამენტის სკვერში მოსამართლეებს ელაპარაკებოდა, მათ შორის იყო მიხეილ ჩინჩალაძეც. 5 სექტემბერს ტაბულას ჟურნალისტებმა ისევ შენიშნეს ზარდიაშვილი და ჩინჩალაძე, რომლებიც ქუჩაში საუბრობდნენ. 

2018 წლის 27 დეკემბერს, უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების სიის წარდგენის შემდეგ, ეკა ბესელია იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა. მიმდინარე წლის 22 თებერვალს კი მან ქართული ოცნების უმრავლესობა დატოვა, რადგან ბესელიასა და ოცნების დეპუტატების ნაწილის კანონპროექტს მოსამართლეების შესახებ პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. 

ბესელიას მხრიდან ამ ნაბიჯს წინ უძღოდა მწვავე დაპირისპირება მმართველ გუნდში, რომელიც უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეების 10-კაციან სიას შეეხებოდა, რომელშიც მათ შორის მიხეილ ჩინჩალაძე ფიგურირებდა და რომელიც პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიაწოდა. 

სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ქართულ ოცნებაში დაპირისპირება, რასაც შედეგად მმართველი გუნდიდან რამდენიმე წევვრის, მათ შორის ბესელიას წასვლაც მოჰყვა. 

"ოცნების" დატოვებიდან მალევე კი, დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

ქართული ოცნებიდან გასულ დეპუტატ ეკა ბესელიასა და ქართული ოცნების დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოხდა.  მოსამართლე მირანდა ერემაძის მოსმენისას გედევან ფოფხაძემ ვანო ზარდიაშვილს უთხრა, რომ მისი "მორალური ხედვები" იცის, რაზეც ვანო ზარდიაშვილმა "ბესელიას მორალისკენ" მიუთითა. ამან ეკა ბესელიას გაღიზიანება გამოიწვია.

"რა ბესელიას მორალი, აბა, რაშია საქმე, რა ბესელიას მორალი, რაშია საქმე, რომელი ბესელიას მორალი" - დამოუკიდებელი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილის სკამთან მივიდა და მას ფიზიკურად შეეხო. ამის შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარემ მანდატურებს ეკა ბესელიას დარბაზიდან გაყვანა მოსთხოვა და დეპუტატს წესრიგის დაცვისა და "ღირსეული ქცევისკენ" მოუწოდა.

კომენტარები