ევროკავშირი - ვენესუელა

ევროკავშირმა წამებაში ბრალდებულ მადუროს რეჟიმის წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა

ნიკოლას მადურო
EPA

ევროკავშირმა ვენესუელაში წამებაში და ადამიანის უფლებების დარღვევაში ბრალდებულ 7 უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელს სანქციები დაუწესა.

27 სექტემბერს ევროკავშირში განაცხადეს, რომ ვენესუელაში არსებული მძიმე მდგომარეობა ახალი არჩევნებით უნდა დასრულებულიყო და მზად იყვნენ მადუროს რეჟიმისთვის ახალი ეკონომიკური სანქციები დაეწესებინათ.

სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას, მოგზაურობის აკრძალვას.

"ევროკავშირი გამოხატავს მზაობას, რომ იმუშავოს მომავალ მიზნობრივ ზომებზე," - ვკითხულობთ განცხადებაში.

გასულ თვეს ტრამპის ადმინისტრაციამ მადუროს რეჟიმს ახალი ეკონომიკური სანქციები დაუწესა.

გაეროს ანგარიშის მონაცემებით, სადაც ნიკოლას მადუროს რეჟიმის პირობებში ადამიანთა უფლების დარღვევაზეა საუბარი, გასული წლიდან დღემდე ვენესუელაში 7000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს აღაირების შემდეგ ოპოზიციის ლიდერი, ხუან გუაიდო 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საქართველომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. გუაიდო პრეზიდენტად აღიარა აშშ-ში ვენესუელის უმაღლესმა სამხედრო წარმომადგენელმა ხოსე ლუის სილვამაც. ნიკოლას მადუროს რეჟიმს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ.

ვენესუელელებმა 2017 წელს საშუალოდ 11 კილოგრამი დაიკლეს წონაში; ჰიპერინფლაციის ფონზე თვიური შემოსავალი მხოლოდ რამდენიმე დღე ყოფნის ოჯახებს; ქვეყანაში სუფთა წყალზე წვდომა ფუფუნებაა; ინფექციური დაავადებები, როგორიც არის მალარია, წითელა და დიფტერია - ხშირია; ვენესუელაში ელემენტარული სამედიცინო საშუალებების დეფიციტია, მოქალაქეები აუცილებლობის შემთხვევაში მეზობელ ეკვადორში ან კოლუმბიაში ეძებენ წამლებს; ადამიანების გატაცება ხშირი მოვლენაა; 2015 წელს მსოფლიოში ყველაზე მაღალი მკვლელობის მაჩვენებელი კარაკასში იყო - ყოველ 100 000 ადამიანზე 120 მკვლელობა; დაახლოებით სამ მილიონზე მეტმა ვენესუელელმა ქვეყანა უკვე დატოვა; ქვეყნის ბიუჯეტიდან ერთ ტრილიონზე მეტი გაქრა - ზოგი უსარგებლო სოციალურ პროგრამებში დაიხარჯა, დანარჩენი მაღალჩინოსანთა ანგარიშზე აღმოჩნდა; 2018 წლის ნოემბერში წლიურმა ინფლაციის დონემ 12 თვეში 1 300 000%-ს მიაღწია.

კომენტარები