გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან

ვასაძე პირადი ცხოვრების კადრებზე: არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც ვერაფრის დადგენა ხერხდება

0 კომენტარი
მამუკა ვასაძე ფოტო: პარლამენტი

საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის, მამუკა ვასაძის თქმით, როცა საქმე კიბერდანაშაულს, კერძოდ კი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების ინტერნეტში გავრცელებას ეხება, არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც გამოძიება ვერაფრის დადგენას ახერხებს.

ეს მან იურიდიულ საკითხთა სოფო კილაძის კითხვის პასუხად თქვა, სადაც ვასაძეს უსმენენ - პროკურორის მოადგილეს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობა სურს. 

ვასაძემ ასევე თქვა, რომ ერთ-ერთ ასეთ საქმეზე კადრები რუსეთიდან გავრცელდა, საქართველომ რუსეთის საგამოძიებო ორგანოებს შესაბამისი მასალების მოწოდება სთხოვა, თუმცა უშედეგოდ. 

სოფო კილაძემ მას ჰკითხა, რატომ ვერ მიდის პირადი ცხოვრების კადრების გამოქვეყნების საქმეების გამოძიება ბოლომდე. 

მამუკა ვასაძე: "ჩვენ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე გვაქვს, რომლებზეც განაჩენებია დამდგარი. საქმე ეხება ათზე მეტი პირის მიმართ... ხსენებულ საქმეებზე მოპოვებასთან დაკავშირებით მიცემულია პასუხისგებაში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი, პოლიციის უფროსი, ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებდნენ მაღალი თანამდებობის პოლიტიკური პირების თუ ცალკეული პირების ფარული ჩანაწერების წარმოებას და შემდგომში მათ პირადი თუ სამსახურეობრივი მიზნებისთვის გამოყენებას. ამაზე განაჩენებია დამდგარი. 

რაც შეეხება ამის გამავრცელებლებს - ინტერნეტსივრცეში მოხვდა სხვადასხვა ჩანაწერი, ამაზე გამოძიება წარმოებს. მსგავს საქმეზე ჩვენ დახმარება ვთხოვეთ აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს. მოწვეული იყო და ჩვენ დიდი დახმარება აღმოგვიჩინა აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს შესაბამისმა თანამშრომელმა, რითაც ჩვენ მივიღეთ კონკრეტული შედეგები გავრცელების ლოკაციასთან დაკავშირებით და ეს არ იყო საქართველოს ტერიტორია, ეს იყო ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის, რუსეთს ფედერაციის ტერიტორია, სადაც ჩვენ გაგზავნილი გვაქვს არაერთი შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების შესახებ.

ეს არ არის მარტივი დანაშაული. ვინც კიბერდანაშაულზე ინფორმირებულია, თანამედროვე ტექნოლოგიაში არსებობს შესაბამისი დაფარვის სისტემები, როგორიც არის თორი და ა.შ, რომლითაც IP მისამართები იფარება და ფაქტობრივად ინტერნეტმომხმარებლის იდენტიფიცირება შეუძლებელია, თუ შესაბამისი შესაძლებლობები არ არსებობს. დღევანდელ ტექნოლოგიებში ეს გამოწვევაა არა მარტო საქართველოში, არამედ აშშ-სა და სხვა ქვეყნებშიც. 

ვისგანაც მოხდა გავრცელება, იმ პირამდე ფიზიკურად ვერ მივდივართ. დადგენილი გვაქვს, რომ ეს მოხდა არა საქართველოს ტერიტორიიდან, არა ჩვენი იურისდიქციიდან. მოხდა რუსეთის ტერიტორიიდან. თუ არ მოგვაწოდეს ის მასალები.. არსებობს ზღვარი გამოძიებაში, რომლის იქითაც ფიზიკურად ვერაფრის დადგენა ვერ ხერხდება". 

საქართველოში სხვადასხვა საჯარო პირის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები რამდენჯერმე გავრცელდა. 

ბოლოს ასეთი რამ ეკა ბესელიას შემთხვევაში მოხდა. 

შსს-ს ცნობით, 2019 წლის 23 ივლისს, ბრალი წარუდგინეს პირს, რომელმაც ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტში პირველად გაავრცელა. მათი თქმით, ვიდეოჩანაწერი 2019 წლის იანვრის თვეში, მკვლელობისთვის ამჟამადაც პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ დ.ა.-მ. ინტერნეტით გაავრცელა სომხეთის რესპუბლიკიდან. შსს-ს მტკიცებითვე, ეს კადრები დ.ა.-მ Facebook-ის მესენჯერის საშუალებით რუსეთის მოქალაქე მ. დ-სგან მიიღო. 

მან რამდენიმე დღის წინ ისიც თქვა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებით ადამიანებზე ზეწოლა და შანტაჟი გრძელდება და ამის რამდენიმე ფაქტი იცის. როგორც მან "მთავარ არხთან" ინტერვიუში თქვა, მათ შორის, ვისაც აშანტაჟებენ, უმრავლესობის წევრებიც არიან და ამის შესახებ მათ თავად უთხრეს.

ვინ არის მამუკა ვასაძე

მამუკა ვასაძე 2015 წლის ნოემბრიდან საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილეა. 

ვიდრე მამუკა ვასაძე გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ მუშაობს, არაერთი საქმე მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, როგორც შინაარსის, ასევე გაჭიანურებული, არაეფექტიანი გამოძიების გამო. ბევრ საქმეში, დაზარალებულებისთვისაც და საზოგადოებისთვისაც, დღემდე უცნობია გამოძიების შედეგები. ესენია: 

  • სიცოცხლის უფლების სავარაუდო ხელყოფის არასათანადო, გაუმჭვირვალე და გაჭიანურებული გამოძიებები (ხორავას ქუჩის საქმე, მაჩალიკაშვილის საქმე)
  • არასათანადო მოპყრობის ფაქტების არაეფექტიანი გამოძიებები;
  • პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და აუდიომასალების ინტერნეტში გავრცელების/გავრცელების მუქარის არაეფექტიანი გამოძიებები;
  • სამართალდამცველთა მხრიდან უფლებების სავარაუდო დარღვევის არაეფექტიანი გამოძიება (ბირჟა-მაფიას საქმე; კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციისას უფლებამოსილების გადამეტების სავარაუდო ფაქტები; ზვიად რატიანის საქმე და სხვა);
  • წინასაარჩევნოდ მომხდარი ინციდენტების არაეფექტიანი გამოძიება8 (კორცხელის ინციდენტი და სხვა)
  • სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებზე სავარაუდო ზეწოლის არაეფექტიანი გამოძიებები (სავარაუდო მუქარა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მიმართ)
  • სასამართლო ხელისუფლების მხრიდან და ამ სისტემასთან კავშირში ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების არაეფექტიანი გამოძიება (გიორგი მიქაუტაძის მიერ არასრულწლოვნის სავარაუდო ცემის ფაქტი, იუსტიციის საბჭოში ელექტრონული არქივის წაშლის ფაქტი, საგამოცდო ტესტების გაჟონვის საქმე)
  • სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების არაეფექტიანი გამოძიება (ე.წ. საბურავების საქმე, 2015 წელს ინტერნეტში გავრცელებული საუბრის საფუძველზე დაწყებული გამოძიება, რომელიც ეხება ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების შეთქმულებას და სხვა)
  • სხვა გახმაურებული და მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობის საქმეები: (ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებელთა საჩივარი წილების იძულებით დათმობის შესახებ, აფგან მუხთარლის საქმე, ყოფილი გენერალური პროკურორის მხრიდან თავდასხმა გენერალურ აუდიტორზე, დეკანოზ მამალაძის საქმე, დემურ სტურუას საქმე, ია კერზაიას გარდაცვალების საქმე, მოხესა და ჭელაში მუსლიმთა უფლებების დარღვევის საქმე, TBC ბანკზე განხორციელებული კიბერშეტევის საქმე, მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმე21 და სხვა)

მამუკა ვასაძე ერთ-ერთია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ 20 კანდიდატიდან, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა. პარლამენტი კანდიდატებს უსმენს, შემდეგ კი მათ კენჭს სათითაოდ უყრის და უზენაესი სასამართლოს 20 ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნავს ან არ დანიშნავს. 

მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტმა 23 სექტემბერს დაიწყო. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები