სირია

მაიკ პომპეო: ასადის რეჟიმმა მაისში იდლიბში ქიმიური იარაღის სახით ქლორი გამოიყენა

Getty Images

აშშ-ის გამოძიებამ დაასკვნა, რომ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა მაისში ქლორი ქმიური იარაღის სახით გამოიყენა. ეს დონალდ ტრამპის მიერ 2018 წელს ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ საჰაერო თავდასხმის ბრძანების შემდეგ ასადის რეჟიმის მიერ მსგავსი იარაღის გამოყენების პირველი დადასტურებული შემთხვევაა.

"ასადის რეჟიმი პასუხისმგებელია უამრავ დანაშაულზე, რომელთა ნაწილი ომის და კაცობრიობის წინაშე დანაშაულებს უტოლდება. დღეს მე ვაცხადებ, რომ აშშ-მა დაადგინა, რომ ასადის რეჟიმმა 19 მაისს ქლორი ქიმიურ იარაღად გამოიყენა. ეს გარკვეული თვალსაზრისით განსხვავებულია, რადგან ქლორი იყო გამოყენებული. უნდა იცოდეთ, რომ დონალდ ტრამპს მტკიცე პოზიცია აქვს მსოფლიოს ქიმიური იარაღის გამოყენებისაგან დაცვის თაობაზე." თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე.

აშშ-ის მიხედვით მაისში სირიის ჩრდილო-დასავლეთით იდლიბის პროვინციაში ასადის ძალების თავდასხმის შემდეგ არაერთი ანგარიში მიიღეს, რომელიც თანხვდებოდა ქიმიური თავდასხმის ნიშნებს.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სირიის მთავრობის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების გამო საჰაერო თავდასხმა ორჯერ, 2017 წლის აპრილში და 2018 წლის აპრილში განახორციელა.

გასული წლის 7 აპრილს დამასკოს გარეუბანში, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად სულ მცირე 60 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ბავშვებიც. დაშავდა 1000-ზე მეტი.

პომპეომ ასევე თქვა, რომ სანქციები დაუწესდა ორ რუსულ კომპანიას, რომლებიც სირიის მთავრობას საწვავით ამარაგებენ. რუსეთი ასადის რეჟიმს უჭერს მხარს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის სექტემბერში სირიაში აშშ-ის დესპანმა ჯიმ ჯეფრიმ თქვა, რომ არსებობდა მტკიცებულება, რომ ასადი იდლიბზე ქიმიურ თავდასხმას გეგმავდა.

კომენტარები