გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან

თადუმაძის მოადგილე: მელიას დაპატიმრების შესახებ მიმართვაში ტექნიკური შეცდომები იყო

გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის, მამუკა ვასაძის თქმით, მიმართვაში, სადაც უწყება ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის პარლამენტს თანხმობას სთხოვდა, ტექნიკური შეცდომები იყო დაშვებული.

ეს მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე თქვა, სადაც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ.

ვასაძე სწორედ ამ კონკურსში მონაწილეობს. 

კითხვა მას ენმ-ის წევრმა, მამუკა ჩიქოვანმა დაუსვა. 

"თქვენ, თადუმაძემ მოაწერეთ ხელი, რომ ეს საქმე წამოსულიყო აქ [პარლამენტში], რომ შემდგომ ბრალდებით წარმდგარიყავით სასამართლოში. მიგაჩნიათ, რომ ეს [დაკავების დოკუმენტში წარმოდგენილი] პრეცენდენტები რეალური პრეცენდენტებია

ვასაძემ უპასუხა: 

"არსებობს ტექნიკური ხარვეზები, რომელთა დაკავშირებითაც, ვერ ვისაუბრებ. ეს დოკუმენტი შალვა თადუმაძის ხელმოწერით შემოვიდა. იცით, რომ ისიც არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი. როცა მობრძანდება, ამასთან დაკავშირებით მას დაუსვით კითხვა. ეს არის მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი და განმარტებას თავად გააკეთებს. ტექნიკური შეცდომაა დაშვებული, ეს არის ობიექტური გარემოება, ესაა ჩემი პასუხი". 

26 ივნისს ქართული ოცნების 91-მა დეპუტატმა პროკურატურას უფლება მისცა, ნიკა მელიას დაპატიმრება მოეთხოვა. საგამოძიებო უწყება აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას მოწმეებზე ზეწოლის, დანაშაულის განმეორების და მტკიცებულებების განადგურების საფრთხის მოტივით ითხოვდა. 

ნიკა მელიას მმართველი გუნდი და მათგან გამომდინარე, პროკურატურა 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. 

თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა მელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა არ შეუფარდეს, თუმცა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაუმაგრდა ელექტრონული სამაჯური. 

მელიას ეკრძალება: 

  • საცხოვრებელი ადგილის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების და თანხმობის გარეშე;
  • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება;
  • მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია;
  • დაეკისრა, საგამოძიებო ორგანოებისთვის პასპორტის და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტების ჩაბარების ვალდებულება.

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე ანტირუსული და მშვიდობიანი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალადობრივად, ჯერ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, შემდეგ კი წყლის ჭავლებით დაარბია.

ჯამში დარბევისას 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 160 მშვიდობიანი დემონსტრანტი იყო. ზოგიერთ მათგანს ხშირად ერთის ნაცვლად, რამდენიმე რეზინის ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. რეზინის ტყვიის დამიზნებით სროლის შედეგად ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა, ხოლო მართვით სუნთქვაზე 2 ადამიანი იყო. 

მამუკა ვასაძე ერთ-ერთია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ 20 კანდიდატიდან, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა. პარლამენტი კანდიდატებს უსმენს, შემდეგ კი მათ კენჭს სათითაოდ უყრის და უზენაესი სასამართლოს 20 ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნავს ან არ დანიშნავს. 

მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტმა 23 სექტემბერს დაიწყო. 

კომენტარები