რუსეთი

რუსეთის საგარეო ჩარევის კომიტეტი BBC-ის, RFE/RL-ის, ამერიკის ხმის სიახლეებს გამოიძიებს

DW

რუსეთის სახელმწიფო დუმის კომიტეტი, რომელიც საგარეო პოლიტიკურ ჩარევას იძიებს, ზოგიერთი რუსული კანონის სავარაუდო დარღვევის ბრალდებით, რამდენიმე უცხოური მედიის, მათ მიერ გამოქვეყნებული სიახლეების გამოძიებას აპირებს. 

უცხოური მედიების სიაში არის BBC, ამერიკის ხმა, რადიო თავისუფლება, Current Time, Meduza და MBK Media.

რამდენიმე კვირის წინ კომიტეტის წევრებმა ცნობილი გერმანული სამაუწყებლო კომპანია Deutsche Welle სოციალურ ქსელ Twitter-ში გვერდის გამომწერების მოსკოვის აქციაში მონაწილეობის მოწოდებისთვის რუსეთის რამდენიმე კანონის დარღვევაში დაადანაშაულეს. კანონმდებლების თქმით, DW-ის ერთერთი სიახლე ინფორმაციას ჩრდილოეთ კავკასიაზე შეიცავდა, რითაც სავარაუდოდ, ექსტრემიზმის შესახებ კანონი დაირღვა.

კანონმდებლების თქმით, ისინი იუსტიციის სამინისტროსთან დაკავშირებას და DW-ს უცხოელი აგენტების სიაში შეყვანას აპირებდნენ.

გადაწყვეტილების მიღების შესახებ კომიტეტი შს სამინისტროს, ფედერალურ უშიშროების სამსახურს, ცენზურის სააგენტო როსკომნადზორს და პროკურატურას შეატყობინებს შესაბამისი პასუხისთვის. 

სექტემბრის დასაწყისში Deutsche Welle-მ რუსეთში საერთაშორისო მედიის პოლიტიკურ ჩარევაზე საპარლამენტო მოსმენაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

DW-ს​ გენერალური მენეჯმენტის ხელმძღვანელმა იუანეს ჰოფმანმა წერილში აღნიშნა, რომ ის პასუხისმგებელია გერმანიის ხელისუფლებასთან და შესაბამისად, არ არსებობდა "იურიდიული მიმართვა" იმისთვის, რომ კომპანიის წარმომადგენელი კომიტეტის მოსმენებს დასწრებოდა.

გასულ თვეს სახელმწიფო დუმის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს საგარეო პოლიტიკურ ჩარევაზე საგამოძიებო კომიტეტის შექმნას. 

3 აგვისტოს მოსკოვში ჩატარებული შეუთანხმებელი საპროტესტო აქციის შემდეგ პოლიციის ოფიცრებმა უცხოელი ჟურნალისტები და ამერიკელი დიპლომატები პროტესტისკენ ყურადღების მიპყრობით რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულეს.

გასული კვირების განმავლობაში რუსეთის დედაქალაქი საპროტესტო აქციებმა მოიცვა, რომელიც ქალაქის საკრებულოს არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდასაჭერად იმართება. პოლიციამ აქციები ძალადობრივად არაერთხელ დაარბია. მხოლოდ 27 ივლისს აქციაზე პოლიციამ 1300-ზე მეტი ადამიანი დაკაავა. აქციების დაწყების მომენტიდან ამ დრომდე, სისხლის სამართლის საქმე 20 მოქალაქის წინააღმდეგ აღიძრა, 100-ზე მეტ მოქალაქეს შეუფარდეს ადმინისტრაციული პატიმრობა. ამ პერიოდში დემონსტრანტებისთვის დაკისრებული ჯარიმების ჯამური რაოდენობა 5 მილიონი რუბლია. (75 ათასი დოლარი). 

კომენტარები