უზენაეს სასამართლოში დასანიში მოსამართლეები

ბესელია: ჩუგოშვილს ჰგონია, რომ ძალიან გამბედავია, მაგრამ ვერ არის

"თამარს კი ჰგონია, რომ ძალიან გამბედავია, მაგრამ ვერ არის, უბრალოდ ვერ გავკიცხავ მას ამის გამო", - ამბობს ეკა ბესელია საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილზე.

მისივე შეფასებით, ჩუგოშვილის პოზიცია კონფრომისტულია და ეს რომ ასეა, უკვე დიდი ხანია ჩანს. ბესელიას თქმით, მას კარგად ესმის, რომ ჩუგოშვილს არ შეუძლია ივანიშვილთან დაუპირისპირება, რადგან ფაქტების ღიად თქმა კონფლიქტში შეიყვანს.

"ორ სკამზე ვერ იჯდები, ან უნდა იყო პრინციპული, ან არ უნდა იყო. მასაც ისეთივე, კრიტიკული პოზიცია ჰქონდა მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით, როგორც მე. თუ მას [ჩუგოშვილს] ახლა მიაჩნია, რომ ეს პროცესი ნორმალურად მიდის, როდესაც იუსტიციის საბჭოს მისცეს ბერკეტი 20 კაცი შეარჩიოს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ფარული კენჭისყრით და მივიღეთ 20 ცუდი კანდიდატი. თუ ეს მოსწონს თამარ ჩუგოშვილს - მშვიდობაში. ყველამ გააკრიტიკა - ვენეციის კომისიამ, ევროპის საბჭომ, მე მგონია, რომ კარგად ესმის მათი ენა. ჩუგოშვილს თუ მოსწონს - მოსწონდეს",- თქვა ბესელიამ პალიტრანიუსის გადაცემაში "360 გრადუსი".

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა, ეკა ბესელიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უპასუხა და დაადასტურა, რომ მასთან და ბიძინა ივანიშვილთან ერთად ერთ-ერთ შეხვედრას ესწრებოდა. შეხვედრაზე მოსამართლეების დანიშვნის თემა განიხილებოდა.

ჩუგოშვილის თქმით, მისთვის "მიუღებელი იყო მოსამართლეების ისე დანიშვნა, როგორც ეს საბჭომ დეკემბერში მოინდომა". მისივე თქმით, სიის ჩავარდნა ერთიანი პოზიციის დამსახურებაა და არა რომელიმე ერთი ადამიანის.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატმა ეკა ბესელიამ მთავარი არხის ეთერში თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას მოსამართლეების დანიშვნის თემაზე მასთან ერთად თამარ ჩუგოშვილიც ესწრებოდა. მისივე თქმით, როდესაც მან ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, თხოვნაზე, მხარი დაეჭირა ჩინჩალაძის კანდიდატურისთვის, უარი განაცხადა, ჩუგოშვილიც ამ პოზიციაზე იყო. ბესელიას თქმით, ის არ შეთანხმებულა ჩუგოშვილთან, რომ ამ შეხვედრის ამბავს ოდესმე საჯაროდ მოყვებოდა. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი თავდაპირველად 2018 წლის 24 დეკემბერს დაასახელა. საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე წარუდგინა. ყველა მათგანი საბჭოს მოსამართლე წევრი იყო.

სწორედ ეს სია გახდა ქართული ოცნების გუნდში დაპირისპირების საგანი, რასაც შედეგად ეკა ბესელიასა და კიდევ რამდენიმე დეპუტატის მიერ პარტიიდან წასვლა მოჰყვა.

კომენტარები