საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია დიტო ცინცაძის ახალი ფილმის "შინდისის" ჩვენებას დაესწრო - ფოტოები საქართველოს მთავრობამ გაავრცელა.
გიორგი გახარიას გარდა ჩვენებაზე იმყოფებოდნენ მთავრობის სხვა წარმომდგენლებიც.
"ვფიქრობ, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ ეს ფილმი უნდა ნახოს და შეიგრძნოს. მინდა თითოეულ იმ მოსახლეს, ვინც იმ სოფელში ცხოვრობდა და ამ ადამიანებს ეხმარებოდა, მათაც მადლობა გადავუხადო. მსგავსი გმირული ქმედებები აერთიანებს ერს. ეს დღეები უნდა იყოს ჩვენი ერთიანობის, ჩვენი ერთობლივი მიზნების და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ხსოვნის დღე იმ ადამიანების, რომლებმაც სამშობლოს სიცოცხლე შესწირეს", - თქვა გიორგი გახარიამ.
დიტო ცინცაძის ფილმში "შინდისი" მოთხრობილი ამბავი ნამდვილ ისტორიას ეფუძნება. სიუჟეტი 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს ვითარდება და არა მხოლოდ ქართველი ჯარისკაცების ოცეულის, არამედ, დასახლება შინდისის მაცხოვრებლების თავგანწირვასა და ადამიანურ ტრაგედიებზე გვიამბობს.