საქართველო - რუსეთი

საგარეო Коммерсантъ-ზე: შეხვედრა შვეიცარიის ორგანიზებით მოხდა, სხვა დანარჩენი ინსინუაციებია

დავით ზალკალიანი / სერგეი ლავროვი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსული სააგენტო Коммерсантъ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა ქართული მხარის ინიციატივით შედგა, გამოეხმაურა.  

"აღნიშნული შეხვედრის შესახებ მისმა მონაწილე სამივე მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია რომ საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა შვეიცარიის კონფედერაციის ორგანიზებით და ჩართულობით. სხვა დანარჩენი გახლავთ ინსინუაციები თემაზე," - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტმა.

მოგვიანებით, Коммерсантъ-ის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც იგივე განაცხადა - "შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან გაიმართა, რომელიც მან მოითხოვა. სხვა საკითხებს შორის, მას აინტერესებდა, როდის არის შესაძლებელი ამ [საჰაერო] კომუნიკაციის აღდგენა [საქართველოსა და რუსეთს შორის]".

25 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კომერსანტისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მისი აზრით საქართველოს ავიამიმოსვლის აღდგენა ღირს.

ამ კომენტარის მიცემიდან მეორე დღეს, 26 სექტემბერს ლავროვს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა. 

მოგვიანებით განცხადება ზალკალიანის უწყებამაც გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ შეხვედრა შვეიცარიის შუამდგომლობით და მათი ინიციატივით შედგა. გაზეთი კომერსანტი კი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრის სურვილი ქართული მხარისგან იყო წასული. 

ეს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო მინისტრების პირველი შეხვედრა იყო პირისპირ. 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოში ფრენებზე ემბარგოს დაწესების გადაწყვეტილება გავრილოვის ღამის მოვლენების შემდეგ მიიღო. გადაწყვეტილება 8 ივლისს შევიდა ძალაში. ემბარგოს გამო საქართველოში სტუმრობაზე უარის თქმა, დაახლოებით, 155 ათას რუს ტურისტს მოუწია.

კომენტარები