რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

პრეზიდენტი შეხვედრაზე: არ შეიძლება, საქართველომ არ სცადოს დიალოგი, იყოს ჩაკეტილი თავის თავში

0 კომენტარი

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, არ შეიძლება საქართველომ არ სცადოს დიალოგის და დიპლომატიის გზა და "იყოს თავის თავში ჩაკეტილი.

ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ნიუ-იორკში.

"ქვეყანას, რომელსაც აქვს ამ ტიპის კონფლიქტი და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი თავის ტერიტორიაზე, არსებობს ორი გზა. ერთი არის ომის და სამხედრო გზა, რომელზეც ჩვენ უარი ვთქვით, მეორე არის დიალოგის და დიპლომატიის. არ შეიძლება, რომ საქართველომ არ სცადოს ეს გზა და იყოს ჩაკეტილი თავის თავში. ძალიან ნიშანდობლივი არის, რომ ამ შეხვედრის შემდეგ რეაქციები, რაც მოვისმინეთ, ეს იქნება ამერიკიდან, სახელმწიფო დეპარტამენტისგან თუ ასევე ევროკავშირის, ასევე მოგერინის უწყებიდან, ან კიდევ გენერალური მდივნიდან, ყველა გამოხმაურება, რაც მოვისმინეთ ამ შეხვედრის შესახებ, იყო დადებითი, იყო პოზიტიური, რომ თქვენ უნდა სცადოთ, ჩვენც თქვენთან ვართო. ჩვენ მარტო ერთი ერთზე არა ვართ და არასდროს ვიქნებით, ჩვენ ვართ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, მაგრამ ის, რომ ჩვენ გავჩერდეთ და იზოლაციაში და გაჩერებულ მდგომარეობაში ვიყოთ, ალბათ სწორი არ არის", - ამბობს ზურაბიშვილი.

დავით ზალკალიანი და სერგეი ლავროვი ერთმანეთს ნიუ-იორკში, გაეროს სამიტის ფარგლებში, 26 სექტემბერს შეხვდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ეწერა, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოებასა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს. მოგვიანებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, სადაც ეწერა, შეხვედრა შვეიცარიის შუამდგომლობით და მათი ინიციატივით შედგა და მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია იყო.

თუმცა, გაზეთი კომერსანტი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრის სურვილი ქართული მხარისგან იყო წასული. მოგვიენბით, იგივე თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. საპასუხოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა შვეიცარიის კონფედერაციის ორგანიზებით და ჩართულობით, ხოლო "სხვა დანარჩენი გახლავთ ინსინუაციები თემაზე".

აღსანიშნავია, რომ დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა იყო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო მინისტრების პირველი პირისპირ შეხვედრა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები