20 ივნისის საქმე

სასამართლოსთან ივანიშვილის ნიღბითა და მანტიებით სპეცრაზმელის გათავისუფლება გააპროტესტეს

0 კომენტარი

20 ივნისის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და სასამართლო დარბაზიდან მის გათავისუფლებას საქალაქო სასამართლოსთან პროტესტი მოჰყვა. 

მოძრაობამ "სირცხვილია" საქალაქო სასამართლოს წინ მანტიებითა და ბიძინა ივანიშვილის ნიღბებით აქცია გამართა, როგორც სიმბოლო იმისა, რომ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის და მას ივანიშვილი აკონტროლებს. 

"20 ივნისის პოლიტმატიმრები ციხეში არ უნდა იყვნენ. ისინი არიან უდანაშაულო ადამიანები. ერთერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, ის არის ფაქტობრივად პარალიზებული, მარტო ვერ გადაადგილდება და ეტლის დახმარება სჭირდება. ამ ყველაფრის პარალელურად, როდესაც მოსამართლემ ეს არ ცნო ფაქტობრივ გარემოებად, რომ ის გაეთავისუფლებინა, თუნდაც გირაოს საფასურად, ამ დროს გაათავისუფლა ჯალათი, ადამიანი, რომელიც 20 ივნისის ღამით გვარბევდა, გვაბრმავებდა და წიხლებს გვირტყამდა,"- ამბობს მოძრაობის ერთერთი ლიდერი ნოდარ რუხაძე.

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელი ლევან იმერლიშვილი 27 სექტემბერს გირაოს სანაცვლოდ, დარბაზიდან გაათავისუფლეს. იმერლიშვილს სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო დააკისრა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა სხდომაზ დაცვის მხარემ დააყენა, ამის მიზეზად სპეცრაზმელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა, რაც ბრალდების მხარემ არ გაიზიარა.

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელი 15 ივლისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 2019 წლის 21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე იმერლიშვილმა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა და ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკავებულ პირზე.

20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქცია ხელისუფლებამ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, მოგვიანებით კი წყლის ჭავლებით ძალადობრივად დაარბია. დარბევის შედეგად დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, მათგან 160 სამოქალაქო პირი. 2-მა ადამიანმა რეზინის ტყვიების მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგა. 

20 ივნისის საქმეზე სულ პასუხისგებაში მიეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი, რომელთაგან უკვე 2 საქალაქო სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

ხოლო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, შსს-მ პასუხისგებაში მისცა 19 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკა მელია. დეპუტატს აღკვეთის ღონისძიებად გირაო და დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიებები აქვს შეფარდებული, კერძოდ, ჩამოართვეს პასპორტი და დაამაგრეს ელექტრონული სამაჯური, რითიც შეზღუდული აქვს გადაადგილება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები