რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

კანდელაკი: ლავროვი მთელ ქვეყანას დაგვცინის - ზალკალიანმა და გახარიამ განმარტება გააკეთონ

0 კომენტარი

საქართველოს პარლამენტის წევრი ევროპული საქართველოდან, გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა არა, მაგრამ პრობლემაა მისი კონტექსტი.

დეპუტატის თქმით, სერგეი ლავროვი, განცხადებით, რომ მასთან შეხვედრა დავით ზალკალიანმა მოითხოვა, მთელ ქვეყანას დასცინის.

"შეხვედრა არ არის პრობლემა, პრობლემა არის შეხვედრის კონტექსტი და ეხმარება თუ ხელს უშლის ეს შეხვედრა ჩვენი დეოკუპაციის პრობლემას, დევნილთა პრობლემას, თუნდაც დევნილთა საკუთრების უფლებას. [...] როგორც ამ შეხვედრის ირგვლივ ინფორმაციიდან ვიგებთ, ხელს უშლის, იმიტომ რომ, ჯერ ერთი, აგერ, ბატონი ლავროვი, არამხოლოდ ბატონ ზალკალიანს, არამედ მთლიანად ქვეყანას დაგვცინის, გვამცირებს, რომ თურმე ჩვენი თხოვნით მომხდარა შეხვედრა. მის თანახმად, თურმე დეოკუპაციაზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი", - ამბობს კანდელაკი.

ამასთან, დეპუტატი აღნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან ფრენების აკრძალვას საქართველოს ეკონომიკისთვის ხელშესახები ზიანი არ მოუტანია, რადგან განუხრელად იზრდება ტურისტების ნაკადი ევროპიდან.

"ამ ფრენების აკრძალვით რუსეთს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, საქართველოში ტურიზმი მაინც იზრდება. და ჩვენ ვემუდარებით და ვეხვეწებით აღადგინონ ფრენები, რასაც ისეთი ზიანი არც მოუყენებია. განმარტება, როგორც მინიმუმ უნდა გააკეთოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრემიერმინისტრმა", - ამბობს გიორგი კანდელაკი.

დავით ზალკალიანი და სერგეი ლავროვი ერთმანეთს ნიუ-იორკში, გაეროს სამიტის ფარგლებში, 26 სექტემბერს შეხვდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ეწერა, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოებასა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს. მოგვიანებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, სადაც ეწერა, შეხვედრა შვეიცარიის შუამდგომლობით და მათი ინიციატივით შედგა და მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია იყო.

თუმცა, გაზეთი კომერსანტი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრის სურვილი ქართული მხარისგან იყო წასული. მოგვიენბით, იგივე თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. საპასუხოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა შვეიცარიის კონფედერაციის ორგანიზებით და ჩართულობით, ხოლო "სხვა დანარჩენი გახლავთ ინსინუაციები თემაზე".

აღსანიშნავია, რომ დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა იყო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო მინისტრების პირველი პირისპირ შეხვედრა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები