რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

ცქიტიშვილი: დიპლომატია არის ქვეყნებს შორის პრობლემების გადაწყვეტის ერთადერთი საშუალება

0 კომენტარი
მაია ცქიტიშვილი ფოტო: commersant

ინფრასტრუქტურის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის თქმით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. 

ასე გამოეხმაურა ის საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას.

"ნებისმიერი კონფლიქტი, ვერ წყდება დიალოგის გარეშე. დიპლომატია არის ერთადერთი საშუალება, რომ მოხდეს იმ პრობლემების გადაწყვეტა, რომლებიც ქვეყნებს შორის არსებობს და პირველ რიგში, იმ პრობლემების რომლებიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზის მიმდებარედ. [...] რა თქმა უნდა, დიალოგი უნდა გაგრძელდეს და დიალოგს ალტერნატივა, ბუნებრივია, რომ არ აქვს", - თქვა მაია ცქიტიშვილმა.

ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, შეხვედრის ორგანიზება შვეიცარიელი პარტნიორების მიერ მოხდა, რასაც "უმაღლესი შეფასება" მოჰყვა.

"ჩვენი შვეიცარიელი პარტნიორების მეშვეობით მოხდა ამ შეხვედრის ორგანიზება და ვნახეთ არაერთი შეფასება სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, ეუთო-ს, გაერო-ს გენერალური მდივნის, უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან უმაღლესი შეფასება ზოგადად ფაქტის, იმისა, რომ დიალოგი არის დაწყებული", - ამბობს ვიცე-პრემიერი.

დავით ზალკალიანი და სერგეი ლავროვი ერთმანეთს ნიუ-იორკში, გაეროს სამიტის ფარგლებში, 26 სექტემბერს შეხვდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ეწერა, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოებასა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს. მოგვიანებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, სადაც ეწერა, შეხვედრა შვეიცარიის შუამდგომლობით და მათი ინიციატივით შედგა და მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია იყო.

თუმცა, გაზეთი კომერსანტი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრის სურვილი ქართული მხარისგან იყო წასული. მოგვიენბით, იგივე თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. საპასუხოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა შვეიცარიის კონფედერაციის ორგანიზებით და ჩართულობით, ხოლო "სხვა დანარჩენი გახლავთ ინსინუაციები თემაზე".

აღსანიშნავია, რომ დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა იყო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო მინისტრების პირველი პირისპირ შეხვედრა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები