აშშ

ამერიკული მედია: უკრაინაში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა პოსტი დატოვა

კურტ ვოლკერი
EPA

უკრაინაში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა პოსტი დატოვა. ამის შესახებ ამერიკული მედია წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

ვოლკერის გადადგომა დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის გარშემო აგორებულ სკანდალს უკავშირდება, რასაც საიმპიჩმენტო გამოძიების დაწყება მოჰყვა.

ვოლკერი დაზვერვის უწყების თანამშრომლის ანონიმურ საჩივართან დაკავშირებით კონგრესში გამოკითხვაზე მომავალ კვირას გამოცხადდება. საჩივარში მისი სახელიც არის ნახსენები, როგორც ტრამპის მოთხოვნებთან გამკლავებაში ზელენსკის დამხმარე. მანამდე კონგრესში გამოცხადდება უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი მარია იოვანოვიჩი, რომელიც ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბარში ფიგურირებდა.

ინფორმაცია მედიაში მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა, რომ კონგრესმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს მოსთხოვა გადაეცა უკრაინასთან პრეზიდენტისა და მისი ადვოკატის, რუდი ჯულიანის კონტაქტის შემცველი დოკუმენტები. სენატის სამი კომიტეტი პომპეოს აფრთხილებს, რომ მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ჩაითვლება საიმპიჩმენტო გამოძიებისათვის ხელის შეშლის სამხილად.

გასულ კვირას ამერიკული მედია წერდა, რომ ვოლკერი ჯულიანისა და ზელენსკის თანაშემწის შეხვედრის ორგანიზებაში იღებდა მონაწილეობას. ჯულიანი ცდილობდა დაერწმუნებინა ზელენსკის მთავრობა აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის და ამჟამად დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის, ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიება.

შეგახსენებთ, რომ ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი 25 ივლისს შედგა. საუბრის შინაარსზე მასალა თავდაპირველად The Wall Street Journal-მა გაავრცელა. მათ მიერ მომზადებულ მასალაში ეწერა, რომ ეს ინფორმაცია მათ არაერთმა წყარომ დაუდასტურა. საუბარია დონალდ ტრამპის თხოვნაზე ვოლოდიმირ ზელისნკის მიმართ.

გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა ზელენსკის, ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის მიმართ გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა. ჰანტერ ბაიდენი 2014-19 წლებში უკრაინული ნავთობკომპანიის "ბურისმას" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო.

24 სექტემბერს, ტრამპმა აღიარა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა თხოვნით, გამოძიებინათ ჯო ბაიდენის და მისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის საქმიანობა. ტრამპის თქმით, თხოვნას იძულების ან გავლენის მოხდენის შინაარსი არ ჰქონია. 

ტრამპმა, ასევე აღიარა, რომ თითქმის ორი თვით შეაკავა უკრაინისთვის განკუთვნილი 400 მილიონი დოლარის ფულადი დახმარების გაცემა.

CNN-ს წყარომ დაუდასტურა, რომ სწორედ ამ ზართან დაკავშირებით დაწერა სადაზვერვო უწყებაში მომუშავე პირმა სარჩელი, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა ერთ-ერთ უცხოელ ლიდერს არაკეთილსინდისიერი დაპირება მისცა. ამ დრომდე კონგრესისათვის სარჩელის გადაცემას ტრამპის ადმინისტრაცია ბლოკავდა.

დემოკრატიულმა პარტიამ კონგრესში დონალდ ტრამპის საიმპიჩმენტო გამოძიება დაიწყო.

ამის შემდეგ ტრამპმა საუბრის ტრანსკრიპტი გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ტრამპი ზელენსკის ბაიდენის და მისი შვილის საქმის გამოძიებას სთხოვს. ტრამპა რაიმე კანონდარღვევას უარყოფს და საიმპიჩმენტო გამოძიებას "კუდიანებზე ნადირობას" უწოდებს.

კომენტარები