ავღანეთი

ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება

Getty Images

ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. თალიბანის მხრიდან თავდასხმების საფრთხის გამო საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია უსაფრთხოების ძალების 70,000-მდე თანამშრომელი.

მიუხედავად გაძლიერებული უსაფრთხოებისა ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი და დაიჭრა 27.

არჩევნები ორჯერ გადაიდო, თუმცა საბოლოო თარიღი მიმდინარე თვეს თალიბანსა და აშშ-ს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ დასახელდა.

არჩევნებში მონაწილეობას სულ 13 კანდიდატი იღებს. მთავარი კანდიდატები მოქმედი პრეზიდენტი აშრაფ ღანი და მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი აბდულა აბდულა არიან.

აღმასრულებელი ოფიცრის პოსტი 2014 წელს შეიქმნა, როდესაც უკანასკნელ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ღანიმ და აბდულამ გამოაცხადეს. ამგვარად მათ საერთო მთავრობა შექმნეს.

37 მილიონი ავღანელიდან ხმის მისაცემად რეგისტრირებულია 10 მილიონი. მოსალოდნელია, რომ მათი დიდი ნაწილი არჩევნებზე არ გამოცხადდება. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თალიბანის მუქარაა. ნაწილი მიზეზად გასულ არჩევნებს ასახელებს, რომელიც სერიოზული დარღვევების ფონზე წარიმართა. ორივე მთავარ კანდიდატს ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში კორუფციაში ადანაშაულებდნენ.

მოსახლეობის ნაწილს მიაჩნია, რომ მთავრობაში მათი ყოფნის პერიოდში უკეთესობისაკენ არაფერი შეცვლილა. გაეროს მონაცემებით ქვეყანაში უმუშევრობა 25%-ია, მოსახლეობის 55% კი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.

არჩევნების შედეგები სამ კვირაში გახდება ცნობილი.

კომენტარები