ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში პოლიციამ მომიტინგეები ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშალა

Reuters

ჰონგ-კონგში პოლიციამ მომიტინგეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.  

ანტი-სამთავრობო აქციის მონაწილეები ქვებს ისროდნენ, ამტვრევდნენ ფანჯრებს და გადაკეტეს გზები. 

მომიტინგეებს შავი ტანისამოსი ეცვათ და ნიღბები ეკეთათ, წყლის ჭავლისგან თავის დასაცავად კი ქოლგები ეჭირათ. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ლურჯად შეფერილი წყალი გამოიყენა, რათა კანონდამრღვევები მარტივად ამოეცნო. 

მომიტინგეებმა სამთავრობო ოფისების ფანჯრები ჩაამსხვიეს და ოფისში შეჭრას ცდილობდნენ. პოლიციის განცხადებით, მათ ქვები სამართალდამცავებსაც ესროლეს.  

შეგახსენებთ, რომ ახლოვდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან 70 წლისთავი. ჰონგ-კონგის მთავრობამ ამის აღსანიშნავად პირველ ოქტომბერს დაგეგმილი ფეიერვერკების შოუ გააუქმა.

მე-4 თვეა, რაც ჰონგ-კონგში პრო-დემოკრატიულ აქციებზე მილიონობით ადამიანი კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტსა და პეკინის გაზრდილ გავლენას აპროტესტებს.

ჰონგ-კონგის პოლიციამ აქციები ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებით, ხელკეტით, წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეით და სხვა საშუალებებით არაერთხელ დაარბია. აქციებზე პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენა. აქციის მონაწილეებს პეკინის მომხრე მოძალადეთა ჯგუფიც არაერთხელ დაუპირისპირდა. დარბევის დროს, სულ მცირე, ერთმა ადამიანმა თვალი დაკარგა. ოპოზიციონერი აქტივისტები უკანონო აქციის ორგანიზებასა და მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. 

4 სექტემბერს ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევა საჯაროდ დააანონსა. ექსტრადიციის კანონპროექტით ჰონგ-კონგელი დამნაშავეების გასამართლება კონტინენტურ ჩინეთში იქნებოდა შესაძლებელი, სადაც ადამიანის უფლებებს არ იცავენ. კანონპროექტის განხილვა ივნისში საპროტესტო აქციების შედეგად შეჩერდა, თუმცა მომიტინგეები მის სრულ გაწვევას ითხოვდნენ. 

თუმცა, ეს ჰონგ-კონგელი აქტივისტების ერთადერთი მოთხოვნა არ ყოფილა. საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას მთავრობის ქმედებისა და პოლიციის ძალის გადამეტების შედეგად პროტესტი ექსტრადიციის საკითხს გაცდა და მომიტინგეებმა საბოლოოდ კიდევ 4 მთავარი მოთხოვნა დაამატეს - თავისუფალი არჩევნები; აქციაზე დაპატიმრებულების გათავისუფლება; პოლიციის ქმედებების დამოუკიდებელი გამოძიება და საპროტესტო აქციების აღწერის, როგორც "არეულობის", შეწყვეტა.

ოფიციალური პეკინი მხარს უჭერს კერი ლამსა და ჰონგ-კონგის პოლიციას, ჩინეთის წარმომადგენლობამ "არეულობაში" მომიტინგეთა ქმედებებს "ტერორისტული აქტები" უწოდა. არსებობს ეჭვი, რომ ჩინეთის მთავრობამ 1989 წელს თიანანმენის მსგავსად დაარბიოს აქციები.

კომენტარები