ავსტრიის საპარლამენტო არჩევნები 2019

ავსტრიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება

BBC

დღეს 29 სექტემბერს ავსტრიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება

ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები 4 თვის წინ დაინიშნა, როდესაც იბიცას სკანდალის შემდეგ სებასტიან კურცის სახალხო პარტიისა და ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტიის კოალიცია შექმნიდან 17 თვის შემდეგ დაიშალა და ვიცე-კანცლრი ჰაინც-კრისტიან შტრახე თანამდებობიდან გადადგა.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით, მემარჯვენე იდეოლოგიის სახალხო პარტიისადმი მხარდაჭერა კვლავ ყველაზე დიდია - 34%; მას მოსდევს სოციალ-დემოკრატები 22%-ით, მესამე ადგილს 20,4%-ით ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტია იკავებს; მწვანეები 11,7%; ახალი ავსტრია და ლიბერალური ფორუმი 8,3%; მემარცხენე პარტია ახლა 1,7%.

არჩევნებში მონაწილეობას 6.4 მილიონი მოქალაქე იღებს.

ხმის მიცემა ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო და 17:00 საათზე დასრულდება. 

ვარაუდობენ, რომ მთავრობის ფორმირებისთვის კვლავ კოალიციის შექმნა იქნება საჭირო. კურცმა თქვა, რომ მისი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში ის ყველა პარტიასთან ისაუბრებდა.

გამარჯვების შემთხვევაში სებასტიან კურცმა, შესაძლოა, კვლავ ულტრამემარჯვენეებთან ან მწვანეებთან და ლიბერალური იდეოლოგიის ახალ პარტიასთან შექმნას კოალიცია. ნაკლებად სავარაუდოა სახალხო პარტიისა და სოციალ-დემოკრატების დიდი კოალიცია.

თავისუფლების პარტიის ახალი ლიდერი ნობერტ ჰოფერი სახალხო პარტიასთან კოალიციის შექმნას იმედოვნებს. 2017 წელს თავისუფალ პარტიას მოსახლეობის თითქმის მესამედი უჭერდა მხარს, სკანდალის შემდეგ მხარდამჭერთა რიცხვი მეხუთედამდე შემცირდა. 

სავარაუდოდ, კოალიციაზე მოლაპარაკებები დიდხანს გაგრძელდება. დროებითი მთავრობა შესაძლოა, კიდევ რამდენიმე თვეს მართავდეს ქვეყანას. 

შეგახსენებთ, რომ 17 მაისს ავსტრიის ყოფილი ვიცე კანცლერის ჰაინც-კრისტიან შტრახეს ფარული ვიდეო ჩანაწერები გავრცელდა, სადაც ის და თავისუფლების პარტიის კიდევ ერთი წევრი არჩევნების კამპანიაში პოლიტიკური და ფინანსურ მხარდაჭერის და ავსტრიაში ერთერთი უმსხვილესი გაზეთის, Kronen Zeitung-ის, რომელიც თავისუფლების პარტიის მიმართ კრიტიკულია, 50% აქციის შესყიდვის შემთხვევაში რუსი ოლიგარქის დისშვილს "კონტრაქტების დადებას" ჰპირდებოდნენ.

18 მაისს ლიბერალური ოპოზიციური პარტია ნეოსი და მწვანეები არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ. ვენაში ავსტრიის კანცლერის ოფისთან ამავე მოთხოვნით მივიდა 5000-ზე მეტი მომიტინგე.

18 მაისს ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა შტრახეს რუსებთან გარიგების სკანდალის გამჟღავნებიდან მეორე დღეს პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დერ ბელენს ახალი არჩევნების დანიშვნის თხოვნით მიმართა.

კურცის ავსტრიის სახალხო პარტია ავსტრიის თავისუფლების პარტიასთან კოალიციაში ავსტრიაში 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შევიდა.

 

კომენტარები