მეჩეთის მშენებლობა ბათუმში

სასამართლომ დისკრიმინაციულად ცნო მუსლიმი თემისთვის მეჩეთის აშენებაზე ბათუმის მერიის უარი

მუსლიმები წინწყაროში
ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა

ბათუმელების ცნობით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ და დისკრიმინაციულად მიიჩნია ბათუმის მერიის მიერ მუსლიმი თემისთვის მეჩეთის აშენებაზე უარის თქმა. გადაწყვეტილება საქმეზე 30 სექტემბერს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ გამოიტანა. 

თუმცა, ამავდროულად, სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელის მესამე მოთხოვნა, რაც მერიისთვის ნებართვის გაცემის დავალდებულებას გულისხმობდა. 

"ეს მუნიციპალიტეტის დისკრეციული უფლებამოსილებაა," - თქვა მოსამართლე ბეჟანიძემ. მის ამ კომენტარს ბათუმელები ავრცელებს. 

მუსლიმი თემი ბათუმში მეჩეთის ასაშენებლად წლებია იბრძვის. მათ სასამართლოს 2017 წელს მიმართეს. თემის ინტერესებს სასამართლოში TDI და EMC იცავდნენ. 

სარჩელის ძირითადი მოთხოვნა იყო, სასამართლოს ბათილად ეცნო ბათუმის მუნიციპალიტეტის ის გადაწყვეტილება, რომლითაც მუსლიმ თემს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარი ეთქვა. მოსარჩელეს სურდა, სასამართლოს მუნიციპალიტეტისათვის ნებართვის გაცემა დაევალებინა და დაედგინა, რომ მუსლიმთა მიმართ ადგილი ჰქონდა რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას.

მოსარჩელე მხარის შეფასებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან გამოყენებული არგუმენტები მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე, აშკარად დაუსაბუთებელი და უკანონოა.   

კომენტარები