ავსტრია

ავსტრიის ვადამდელი არჩევნების შედეგებით კანცლერი კვლავ სებასტიან კურცი გახდება

სებასტიან კურცი
AP

ავსტრიაში გუშინ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. მასში კვლავ სებასტიან კურცის კონსერვატიული სახალხო პარტია ლიდერობს, რომელმაც ხმათა 38.4% მოიპოვა. ეს პარტიისთვის 2002 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შედეგად, კანცლერის პოსტს კვლავ კურცი დაიკავებს.

რაც შეეხება წინა სამთავრობო კოალიციაში მათ პარტნიორ ულტრა-მემარჯვენე თავისუფლების პარტიას, კორუფციული სკანდალის შემდეგ მათ ხმების მესამედზე მეტი დაკარგეს. მათ ხმათა 17.3% მიიღეს. პარტიის ყოფილი ლიდერი ჰაინც-კრისტიან შტრახე მაისში გადადგა, მას შემდეგ რაც გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მისი კამპანიის მხარდაჭერის სანაცვლოდ კონტრაქტებს სთავაზობდა ქალს, რომელიც არწმუნებდა, რომ რუსი ოლიგარქის ნათესავი იყო.

გაიზარდა მწვანეთა პარტიის რეიტინგი. გასულ არჩევნებზე მათ 4%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს, თუმცა ახლა ხმათა 12.4% მიიღეს, ხოლო მემარცხენე-ცენტრისტული დემოკრატიული პარტიის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზე 21.5%-ით. მიუხედავად ამისა პარლამენტში ისინი სიდიდით მეორე პარტია იქნებიან.

არსებობს ვარაუდი, რომ კურცი კოალიციის შესაქმნელად მწვანეთა პარტიას და ლიბერალურ NEOS მოიწვევს, რომელმაც 7.4% მიიღო. თუმცა, მწვანეთა პარტიაში უმრავლესობა სახალხო პარტიასთან კოალიციას მხარს არ უჭერს.

პარტიიდან შტრახეს წასვლის შემდეგ საუბარი იყო თავისუფლების პარტიასთან ხელახალ ალიანსზეც, თუმცა ამ შესაძლებლობას ეჭვქვეშ პარტიის შემცირებული რეიტინგი აყენებს. ამ ალიანსს მოწინააღმდეგეები ჰყავს კურცის პარტიაშიც.

წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ სებასტიან კურცმა თქვა, რომ მოლაპარაკებებს ყველა პარტიასთან აწარმოებს.

შეგახსენებთ, რომ 17 მაისს ავსტრიის ყოფილი ვიცე კანცლერის ჰაინც-კრისტიან შტრახეს ფარული ვიდეო ჩანაწერები გავრცელდა, სადაც ის და თავისუფლების პარტიის კიდევ ერთი წევრი არჩევნების კამპანიაში პოლიტიკური და ფინანსურ მხარდაჭერის და ავსტრიაში ერთერთი უმსხვილესი გაზეთის, Kronen Zeitung-ის, რომელიც თავისუფლების პარტიის მიმართ კრიტიკულია, 50% აქციის შესყიდვის შემთხვევაში რუსი ოლიგარქის დისშვილს "კონტრაქტების დადებას" ჰპირდებოდნენ.

18 მაისს ლიბერალური ოპოზიციური პარტია ნეოსი და მწვანეები არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ. ვენაში ავსტრიის კანცლერის ოფისთან ამავე მოთხოვნით მივიდა 5000-ზე მეტი მომიტინგე.

18 მაისს ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა შტრახეს რუსებთან გარიგების სკანდალის გამჟღავნებიდან მეორე დღეს პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დერ ბელენს ახალი არჩევნების დანიშვნის თხოვნით მიმართა.

კურცის ავსტრიის სახალხო პარტია ავსტრიის თავისუფლების პარტიასთან კოალიციაში ავსტრიაში 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შევიდა.

კომენტარები