ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა

კანდელაკი ხანგოშვილის მკვლელობაზე: შემაშფოთებელია ქართული მხარის დუმილი

0 კომენტარი

ევროპული საქართველო შეშფოთებას გამოთქვამს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის, მკვლელობასთან დაკავშირებით მთავრობას ოფიციალური პოზიცია არ დაუფიქსირებია და ამ დრომდე დუმილს ინარჩუნებს. 

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ პარტიას აქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა გამოძიებასთან სრულფასოვნად არ თანამშრომლობს. 

"ეს მკვლელობა არის ყურადღების ცენტრში, როგორც გერმანული, ისე დასავლური მედიის და ამ მკვლელობის გამოძიებით დაინტერესებულები არიან ჩვენი მოკავშირეები. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ის, რომ საქართველოს მთავრობა დუმს, ეს უკვე აჩენს ეჭვებს და ჩვენ, სამწუხაროდ, გაგვაჩნია ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა გამოძიებასთან სრულფასოვნად არ თანამშრომლობს. ჩვენ გვინდა გამოვთქვათ იმედი, რომ საკუთარი ქმედებით საქართველოს მთავრობა გააქარწყლებს იმ ეჭვებს ხანგოშვილის მკველობის საქმეზე მის თანამშრომლობასთან დაკავშირებით," - თქვა კანდელაკმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

კანდელაკისვე თქმით, ხანგოშვილმა სწორედ მას შემდეგ დატოვა საქართველოს ტერიტორია, რაც 2015 წელს მასზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა და ქართულმა სახელმწიფომ ვერ ან არ უზრუნველყო მისი უსაფრთხოება. 

23 აგვისტოს ბერლინის ცენტრალური მეჩეთისკენ მიმავალი საქართველოს მოქალაქე, ყოფილი ჩეჩენი მებრძოლი და პანკისის მკვიდრი, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. მისი მკვლელობისთვის დაპატიმრებულ პირს რუსული პასპორტი აღმოაჩნდა. 

ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებით დასავლური პრესაა დაინტერესებული. New York Times-მა ხანგოშვილის მკვლელობაზე მასალა მოამზადა, სადაც წერს, რომ მის მკვლელობაში ბრალდებული შესაძლოა, ყოფილი რუსი მილიციელი იყოს. მკვლელობაზე ვრცელი მასალა მოამზადა Bellingcat-მაც. ყველა ამ წყაროს კვალი საბოლოოდ რუსეთის ფედერაციის შურისძიებამდე მიდის. 

ვინ იყო ზელიმხან ხანგოშვილი და რატომ ჰქონდა რუსეთს მისი მოკვლის მოტივი, ვრცლად წაიკითხეთ აქ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები