ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა

ბოკერია ხანგოშვილზე: გვაქვს ინფორმაცია, რომ მთავრობა სრულად არ თანამშრომლობს გამოძიებასთან

გიგა ბოკერია
ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის, მკვლელობაზე პოზიცია დააფიქსროს და გამოძიებასთან ითანამშრომლოს. 

30 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე ბოკერიამ თქვა, რომ რუსული პროპაგანდა სხვადასხვა საშუალებით ცდილობს ხალხი დაარწმუნოს, რომ ხანგოშვილი ტერორისტი იყო. ბოკერიას თქმით, ხანგოშვილი არათუ ეწინააღმდეგებოდა ისლამურ რადიკალიზმს, მეტიც, ის საქართველოსთან აქტიურად თანამშრომლობდა მის წინააღმდეგ. 

"ბატონი ხანგოშვილი იყო ადამიანი, რომელიც პირიქით უპირისპირდებოდა ტერორიზმს, ისლამურ ექსტრემიზმს და თანამშრომლობდა საქართველოსთან საქართველოს ინტერესების და საქართველოს პარტნიორების ინტერესების დასაცავად ასეთი ექსტერმიზმის, ისევე, როგორც რუსული აგრესიული მოქმედებების წინააღმდეგ და ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით,"- ამბობს ბოკერია. 

დეპუტატის თქმით, ევროპულ საქართველოს სანდო წყაროსგან აქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა გამოძიებასთან არ თანამშრომლობს. ბოკერია ამბობს, რომ ამ ინფორმაციას დოკუმენტური მტკიცებულებებით ვერ დაადასტურებენ, თუმცა საქართველოს მთავრობის დუმილიც სწორედ ამაზე მიანიშნებს. 

"მინდა, ვთხოვო მედიასაც, რომ შეკითხვა დასვათ და ჩვენ, როგორც მინიმუმ, უნდა მოვისმინოთ განცხადება იმაზე, რომ თანამშრომლობენ. ესეც კი არ უთქვამთ, არათუ არ დაუგმიათ ეს ფაქტი. ყველასთვის ნათელია, რომ ბუნებრივია, ჯერ გამოძიება დასრულებული არ არის, მაგრამ კვლელობაში ეჭვმიტანილი არის დაკავებული, ის არის რუსეთის მოქალაქე, არის ზღვა მასალა, რომელიც პრაქტიკულად ადასტურებს, რომ სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული იყო ეს," - ამბობს ბოკერია.

დეპუტატის თქმით, ხანგოშვილის მკვლელობა სწორედ იმ მკვლელობების გვერდით დაიკავებს რიგს, რომელიც ევროპაში რუსეთის ფედერაციის დაკვეთით მოხდა. 

"სკრიპალზე ბოლო-ბოლო, საზოგადოებრივი წნეხის შედეგად ამოღერღა ჩვენმა მთავრობამ პოზიცია, ოღონდ არ ვიცით, რამდენად გულწრფელი იყო ეს იმიტომ, რომ მათი პარტნიორები, ინაშვილი და სხვები, დღესაც სკრიპალს აბრალებენ, პუტინის გზას აგრძელებენ, მაგრამ საკუთარ მოქალაქეზე არ უნდა დააფიქსირო პოზიცია, როცა ასეთი მტკიცებულებებია, რომ რუსეთი იყო ჩართული ამ ყველაფერში? ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი და აბსოლუტურად საგანგაშო ვითარება,"- ამბობს ბოკერია. 

დეპუტატი ასევე ზელიმხან ხანგოშვილზე თბილისში 2015 წელს მომხდარ თავდასხმასაც გამოეხმაურა, რის შემდეგაც მან საქართველოს ტერიტორია დატოვა. ბოკერია ამბობს, რომ გამოძიება სუსტი იყო და იყო მრავალი დეტალი, რომელიც ეჭვებს აჩენდა. მაგალითისთვის მას კამერის ჩანაწერების გაქრობა მოჰყავს. 

"ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს ასევე ძალიან სანდო წყაროსგან ინფორმაცია და ამ ინფორმაციას ფლობდა საქართველოს საგამოძიებო ორგანოც, რომ ის ინფრასტრუქტურა და ადამიანები, ვინც ჩართულები იყვნენ ამ მცდელობაში ხანგოშვილის მკვლელობის, ასევე ფიქსირდებიან გივი თარგამაძის წინააღმდეგ ტერაქტში. ანუ კომუნიკაცია ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე ელექტრონული საშუალებაზე მოხდა. ეს ძალიან სერიოზული ინფორმაციაა,"- თქვა ბოკერიამ. 

დეპუტატის თქმით, ევროპული საქართველო მთავრობისგან პოზიციის გამოხატვასა და გამოძიებასთან თანამშრომლობას მოითხოვს. 

23 აგვისტოს ბერლინის ცენტრალური მეჩეთისკენ მიმავალი საქართველოს მოქალაქე, ყოფილი ჩეჩენი მებრძოლი და პანკისის მკვიდრი, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. მისი მკვლელობისთვის დაპატიმრებულ პირს რუსული პასპორტი აღმოაჩნდა. 

ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებით დასავლური პრესაა დაინტერესებული. New York Times-მა ხანგოშვილის მკვლელობაზე მასალა მოამზადა, სადაც წერს, რომ მის მკვლელობაში ბრალდებული შესაძლოა, ყოფილი რუსი მილიციელი იყოს. მკვლელობაზე ვრცელი მასალა მოამზადა Bellingcat-მაც. ყველა ამ წყაროს კვალი საბოლოოდ რუსეთის ფედერაციის შურისძიებამდე მიდის. 

ვინ იყო ზელიმხან ხანგოშვილი და რატომ ჰქონდა რუსეთს მისი მოკვლის მოტივი, ვრცლად წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები