სირცხვილია

"კოლაბორაციონიზმი სირცხვილია" - აქტივისტებმა ზალკალიანის და ლავროვის შეხვედრა გააპროტესტეს

"კოლაბორაციონიზმი სირცხვილია"- საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა გააპროტესტეს.

"სირცხვილიას"აქტივისტების თქმით, მსგავსი შეხვედრები სირცხვილია და ამის გასაპროტესტებლად ყველგან მივლენ. 

"ჩვენ აქ იმიტომ შევიკრიბეთ რომ საგარეო საქმეთა მინისტრს ვუთხრათ, რომ მტერთან კოლაბორაცია სირცხვილია. მთავარ საგარეო მტერთან ფარული შეხვედრა სირცხვილია და ასევე ის, რომ ამას საზოგადოება რუსული მხარისგან იგებს. სირცხვილია რომ საქართველოს ხელისუფლება წარმოაჩენს, თითქოს და რუსეთთან ურთიერთობები ლაგდება"- ამბობს აქტივისტი ნოდარ რუხაძე.

რუსეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 26 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა. მოგვიანებით განცხადება ზალკალიანის უწყებამაც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ შეხვედრა შვეიცარიის შუამდგომლობით და მათი ინიციატივით შედგა. გაზეთი კომერსანტი კი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრა ქართული მხარეს სურდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროს ბრიფინგზე განაცხადა, რომ მასა და მინისტრ ზალკალიანს შორის გამართული შეხვედრა თავად მინისტრმა ზალკალიანმა მოითხოვა. 

"შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან გაიმართა, რომელიც მან მოითხოვა. სხვა საკითხებს შორის, მას აინტერესებდა, როდის არის შესაძლებელი ამ [საჰაერო] კომუნიკაციის აღდგენა [საქართველოსა და რუსეთს შორის]," - განაცხადა ლავროვმა.

 

კომენტარები