მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი ჰააგის გამოძიებაზე: დარწმუნებული ვარ, ივანიშვილმა ფული გადაიხადა ცრუ ჩვენებებში

0 კომენტარი
ფოტო: მთავარი არხი

საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომში მომხდარ დანაშაულებთან დაკავშირებით ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე გამოძიებას ხელი საქართველოს მთავრობამ შეუშალა. 

მან ბიძინა ივანიშვილი ასევე დაადანაშაულა მოწმეების მოსყიდვაში, რომლებიც, მისი თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მის წინააღმდეგ ცრუ ჩვენებებს აძლევენ. 

სააკაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში თქვა: 

"მოვიდა მთავრობა, რომელმაც ხელოვნური აბორტი მოახდინა ამ საქმის, გააგდო საქმე გარეთ და თქვა, ჩვენ ვეღარ ვიძიებთ, გამოიძიოს ჰააგამ და დააკავოს ჰააგამ. ამით საქართველომ, ივანიშვილის მთავრობამ, პრაქტიკულად, უარი თქვა თავისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის ბერკეტზე

მანამდე მედვედევს ნათქვამი ჰქონდა, რომ ჩვენ დაგვჭირდება რამდენიმე წელი, მაგრამ ქართველებს გავასამართლებთ. 

ამის შემდეგ რუსეთმა, მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ ეს გამოაცხადა, თქვა, რომ წყვეტს თანამშრომლობას ჰააგის სასამართლოსთან და შეუთვალა არაფორმალურად ჰააგის სასამართლოს, რომ მხოლოდ მას შემდეგ დავბრუნდებით, რაც თქვენ ქართველებს გაამტყუნებთ. ხდებოდა ჩვენი მოქმედი და ყოფილი სამხედროების დამუშავება, რომ მათ მიეცათ ისეთი ჩვენება, სადაც საქართველო იქნებოდა დაკავშირებული .... 

არ ვიცი, მისცეს თუ არა ასეთი ჩვენება. არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ დიდი ფული იქნა ამუშავებული და ივანიშვილს არ გასჭირვებია ცრუ ჩვენების მიღება სხვა საქმეზე და რაღა ამაზე გაუჭირდებოდა. 

ამის შემდეგ არის საუბარი იმაზე, რომ მთავარი სამიზნეები არიან ქართველი სამხედროები. ისინი იღებდნენ მონაწილეობას სამხედრო ოპერაციებში და იცით, რომ ადანაშაულებენ ქართველებს სამშვიდოებების წინააღმდეგ გამოყენებაში.
 

რა თქმა უნდა, რუსეთისთვის მთავარი დაბრკოლება ვარ მე, რა თქმა უნდა, მთავარი სამიზნე ვარ მე. თუმცა, ჩემს განეიტრალებას პირდაპირ შეძლებენ თუ სამხედროებისთვის ბრალის წაყენებით, ამას მნიშვნელობა არ აქვს. რა თქმა უნდა, მე მზად ვიყავი, ნებისმიერი ჩვენება მიმეცა. 

ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, ივანიშვილმა გადაიხადა ფული ცრუ ჩვენებებზე, დარწმუნებული ვარ ამაში", - თქვა სააკაშვილმა. 

________________________________________________________________________________

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ 2016 წელს განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია ვერ მიიღებს მონაწილეობას ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო გამოძიებაში, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის კონფლიქტთან დაკავშირებით, რადგან რუსეთს რომის სტატუტის რატიფიცირება არ მოუხდენია.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას, აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიების დაიწყებაზე თანხმობა ჰააგის სასამართლომ 2016 წლის 27 იანვარს მისცა.

ბენსუდამ 2015 წლის 13 ოქტომბერს მიმართა სასამართლოს წინასწარი წარმოების პირველ პალატას და მოითხოვა ნებართვა საქართველოში, 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს სავარაუდოდ ჩადენილი სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოსაძიებლად. გამოძიება 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. წინასწარი გამოძიება პროკურორის ოფისმა 2008 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.

2018 წლის ნოემბერში თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ჰააგაში "საქართველოს სახელმწიფო ვერ იქნება მხარე ან რამეში დადანაშაულებული, არამედ აქ შეიძლება, მხოლოდ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა დადგეს", - რასაც კრიტიკა მოჰყვა. 

2018 წლის 14 ნოემბერს თეა წულუკიანმა ინტერვიუში თქვა, რომ ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ICC-ის გამოძიება დაადგენს იმ პირებს, რომელთაც ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ დანაშაულები ჩაიდინეს და ქართველი ჯარისკაცების წამებაში მონაწილეობდნენ. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ ქართული მხარე ვერ აკონტროლებს, თუ ვინ შეიძლება გამოვლინდეს ამ პროცესში.

„თუ ფატუ ბენსუდა [ICC-ის პროკურორი] მივა დასკვნამდე, რომ გარკვეულ ეპიზოდებში მართლაც არის დანაშაული მომხდარი, მან შეიძლება კონკრეტული ადამიანების დაკავების მოთხოვნით ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს მიმართოს. საქართველოს სახელმწიფო ვერ იქნება მხარე, ან რამეში დადანაშაულებული. აქ შეიძლება მხოლოდ დადგეს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა განურჩევლად მოქალაქეობისა და განურჩევლად ეთნიკური წარმოშობისა“, – თქვა მაშინ წულუკიანმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები