ევროპული საქართველო

ბაქრაძე: საუბარი, თითქოს ივანიშვილის ალტერნატივა მხოლოდ სააკაშვილია, აფრთხობს ამომრჩეველს

ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის დავით ბაქრაძის შეფასებით, 29 სექტემბრის ინტერვიუმ კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად დაცილდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ რეალობას და იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომელზე დაყრდნობითაც, ყოფილმა პრეზიდენტმა 2004 წელს თავის გუნდთან ერთად რეფორმები დაიწყო.

"პრობლემა არ არის გიგა ბოკერიას კრიტიკაში, პრობლემა არის ის, როცა მიხეილ სააკაშვილი ლევან ვასაძის და ქართული მარშის ტერმინოლოგიის გამოყენებით და მათი არგუმენტებით აკრიტიკებს ვინმეს, მათ შორის, თუნდაც გიგა ბოკერიას. ეს ძალიან გულდასაწყვეტია, იმიტომ რომ საუბარი გვაქვს ლიდერზე, რომლის ხელმძღვანელობითაც მაშინდელი გუნდი 2004 წელს აშენებდა სულ სხვა, დასავლურ, ტოლერანტულ, თანამედროვე ფასეულობებზე დამყარებულ ქართულ სახელმწიფოს.

მითუმეტეს, რომ ეს არ არის პირველი ანტიდასავლური განცხადება ბოლო პერიოდში, ასევე, უაღრესად გულდასაწყვეტი და საგანგაშო იყო მისი განცხადება ევროპული და ზოგადად დასავლური კოლონიაზმის და მათი ამოცანების შესახებ" - თქვა ბაქრაძემ.

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები, თითქოს ქართველ ხალხს მხოლოდ ორი ალტერნატივა აქვს, აზიანებს ოპოზიციის და ქართველი ხალხის ინტერესებს.

"ის ამბობს, თითქოს ქართველ ხალხს აქვს მხოლოდ ორი ალტერნატივა - ან იქნება ივანიშვილი ან სააკაშვილი. ჩვენი შეფასებით, ასე საკითხის დაყენება ფუნდამანტურად აზიანებს ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ფრონტს და არ ემსახურება ოპოზიციის და ქართველი ხალხის ინტერესებს.

2020 წლის არჩევნებზე გამარჯვების ერთადერთი გზა გახლავთ, რომ არჩევნებზე მოვიდეს რაც შეიძლება მეტი ოპოზიციურდ განწყობილი ადამიანი, ამ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს აქვთ სხვადასხვა სიმპათია და ხმას აძლევენ სხვადასხვა პარტიას, თუ ჩვენ ვეტყვით, რომ მათი ერთადერთი არჩევანი მიხეილ სააკაშვილია, ძალიან ბევრი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი, რომელსაც არ უნდა ბიძინა ივანიშვილი, უბრალოდ, დარჩება სახლში და არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, ისე როგორც ეს მოხდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში.

ერთადერთი გზა, რომ 2020-ში დავამარცხოთ ივანიშვილი, ეს არის ის გზა, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მოიყვანოს რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერი, აიღოს რაც შეიძლება მეტი ხმა, ამის შემდეგ შედგეს თანამშრომლობა ოპოზიციას შორის, არ შევუქმნათ უმრავლესობა ოცნებას და ამ გზით დავამარცხოთ ივანიშვილი. რესურსის, თანხის დარიგების, ადმინისტრაციული ზეწოლის, წნეხის პირობებში, ერთადერთი, რაც ჩვენ მოგვაგებინებს არჩევნებს, ეს არის ბევრი მოსული ადამიანი და ნებისმიერი საუბარი, რომ ამ ქვეყანაში არის მხოლოდ ორი ალტერნატივა, ადამიანებს აფრთხობს არჩევნებზე მოსვლისგან. ეს პირდაპირ ემსახურება ქართული ოცნების ინტერესს და ხელს გვიშლის ოპოზიციას ქართული ოცნების დამარცხებაში" - თქვა ბაქრაძემ.

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის შეფასებითვე, ეს არის ერთადერთი მწყობრი და კარგად გააზრებული გზა

"განსხვავებით იმ იდეებისგან, სადაც ვერ მოვისმინეთ მწყობრი გზა, რას სთავაზობს მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას. ის საუბრობს არჩევნებზე და ამავე დროს, საუბრობს, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, ის საუბრობს რიგგარეშე არჩევნებზე და ამავე დროს ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნებსაც კი აზრი არ აქვს. ის საუბრობს რევოლუციაზე და თან არ საუბრობს რევულუციაზე, საუბრობს ქვეყანაში დაბრუნებაზე და თან არ საუბრობს, დაბრუნდება თუ არ დაბრუნდება.

განსხვავებით იმ პოლიტიკური გუნდისგან, რომლის ლიდერიც არის მიხეილ სააკაშვილი, ევროპულ საქართველოს გააჩნია მწყობრი და კარგად გააზრებული გზა, როგორ უნდა დავამარცხოთ ქართული ოცნება, ამიტომ, იმედი მაქვს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველი მიხვდება, რომ ამ ქვეყანაში არის პოლიტიკური გუნდი, რომელიც არის თანმიმდევრული, პროდასავლური, რომელიც მხარს უჭერს ამ ქვეყნის მშვიდობიან ცვლილებებს და რომელსაც გააჩნია კომპეტენცია და ხედვა ცხოვრების გასაუმჯობესებლად, ეს არის ევროპული საქართველო და საკითხის სხვანაირად დაყენება აზიანებს მთლიანად ოპოზიციურ ინტერესებს" - განაცხადა ბაქრაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ენმ-ის ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა 29 სექტემბერს მთავარი არხის ეთერში თქვა, რომ გიგა ბოკერიასთან ფუნდამენტური განსხვავებები აქვს. მან ბოკერია ტრადიციებთან მებრძოლად და ანტიქრისტიანად გამოაცხადა და თქვა, რომ თავად მართლმადიდებელი ქრისტიანია, რომელსაც ჯვარიც უკეთია.

კომენტარები