პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები

ბესელია პირადი კადრებით შანტაჟზე: მმართველ გუნდში არიან, ვიცი 4 შემთხვევა

0 კომენტარი
ფოტო: facebook.com/ekaterine.beselia

ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ 3 საათიანი გამოკითხვის შემდეგ პროკურატურა დატოვა. დეპუტატმა უწყებას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე ჩვენება მისცა. 

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან თქვა, მას არ დაუსახელებია იმ ადამიანების ვინაობა, ვისაც ფარული კადრებით აშანტაჟებენ. თუმცა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ თავად დაზარალებულები მიმართავენ პროკურატურას, ამ საკითხთან დაკავშირებით ის უწყებასთან სამომავლოდაც ითანამშრომლებს. 

ეკა ბესელიას თქმით, 4 ადამიანზე აქვს ინფორმაცია, რომელსაც პირადი კადრებით აშანტაჟებენ და ემუქრებიან.

"მე ვიცი ასეთი 4 სპეციფიური შემთხვევა. შეიძლება იყოს მეტი, შეიძლება იყოს კიდევ უფრო მეტი. ვერ დავაკონკრეტებ მეტს შეგნებულად. მმართველ გუნდში არიან. შეიძლება იყოს 4-ზე მეტი მაგრამ რა ინფორმაციაც მაქვს, მე მაქვს. ამიტომ სახელისა და გვარის გარეშე ფაქტი დავადასტურე"- თქვა ეკა ბესელიამ.  

ასევე, ბესელიას თქმით, მან პროკურატურას დავით მათიკაშვილსა და ვანო ზარდიაშვილზე ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, ორივე მათგანი საკუთარ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს. 

ეკა ბესელიამ, რომელსაც რამდენიმე თვის წინ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელეს, 23 სექტემბერს "მთავარი არხისთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ პირადი კადრებით დაშანტაჟება დღემდე გრძელდება და მათ შორის უმრავლესობის წევრებსაც აშანტაჟებენ. ამის შემდეგ პროკურატურამ ეკა ბესელია გამოკითხვაზე დაიბარა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები