ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრა

ბოკერია: ზალკალიანმა უნდა უპასუხოს კითხვას, რა სტრატეგიით შეხვდა სერგეი ლავროვს

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველო უერთდება მოთხოვნას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტზე დაბარების შესახებ. გიგა ბოკერიას თქმით, ზალკალიანმა უნდა გასცეს პასუხი, რა სტრატეგიით შეხვდა სერგეი ლავროვს. 

"ჩვენ ვუერთდებით, ჩვენი კოლეგების პარლამენტში - ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნას, რომ უნდა მობრძანდეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და საზოგადოებას გასცეს კითხვებზე პასუხი, რა სტრატეგიით შეხვდა ჩვენი მტრული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ვიმეორებ, რომ შეხვედრა არ არის თავისთავად პრობლემა. [პრობლემაა], რატომ იყო ასე ცუდად მომზადებული, როგორც მინიმუმ, საზოგადოებრივი გზავნილი" - თქვა ბოკერიამ.

რუსეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 26 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა. მოგვიანებით განცხადება ზალკალიანის უწყებამაც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ შეხვედრა შვეიცარიის შუამდგომლობით და მათი ინიციატივით შედგა. გაზეთი კომერსანტი კი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრა ქართული მხარეს სურდა. რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროს ბრიფინგზე განაცხადა, რომ მასა და მინისტრ ზალკალიანს შორის გამართული შეხვედრა თავად მინისტრმა ზალკალიანმა მოითხოვა. 

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერის გია ვოლსკის თქმით, ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრა ნამდვილად საქართველომ მოითხოვა, თუმცა, მისი შეფასებით, ეს "ქედის მოხრას" და "საერთაშორისო კონტექსტიდან საქართველოს ინტერესების ამოვარდნას" არ ნიშნავს.

"საკითხის გაპრიმიტიულება – შეხვედრა ვინ მოითხოვა, პოლიტიკური თამაშის ერთ-ერთი ასპექტია. მოითხოვა შეხვედრა საქართველომ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რაიმე ნიშნით ქედის მოხრას ან მითუმეტეს, საერთაშორისო კონტექსტიდან ჩვენი ინტერესების ამოვარდნას. პრობლემა ნამდვილად არსებობს და ორი გზით გვარდება – ან შეირაღებული გზით, ან მოლაპარაკების. საერთაშორისო ასპექტი მთლიანად მობილიზებულია, რათა დაძაბულობა როგორმე შევამციროთ",- თქვა გია ვოლსკიმ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის გამო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დაიბარა. მოთხოვნა ოპოზიციურმა პარტიამ კომიტეტის თავმჯდომარეს უკვე გაუგზავნა. სოფიო ქაცარავას თქმით, დავით ზალკალიანის მოსმენა "მინისტრის საათის" ფარგლებში ოქტომბერში ისედაც იგეგმებოდა.

"რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნას, თუ საპარლამენტო გრაფიკი ამის შესაძლებლობას მოგვცემს, ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს" - ამბობს ქაცარავა.

კომენტარები