ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფის სისტემა დღეიდან ამოქმედდა

თეთრი ტაქსები
flickr.com

დღეიდან, 1 ოქტომბრიდან ძალაში შედის ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფას ითვალისწინებს.

როგორც თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ თქვა, ტაქსების რეფორმა პირველი ოქტომბრით არ სრულდება, იქნება შემდგომი ეტაპებიც.

ხმალაძის თქმით, დაახლოებით, 26 ათასი ლიცენზირებული სატრანსპორტო საშუალებიდან სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება დაახლოებით, 70%-მა გაირა. შესაბამისად, მინიმალურ ტექნიკურ სტანდარტებს 30% ვერ აკმაყოფილებს, რაც მნიშვნელოვანი ციფრია.

"აღნიშნული 70%-ის ნახევარზე მეტმა კატეგორიზაცია მოახდინა - მათი 24% A კატეგორიაში მოექცა, ხოლო ნაწილის კატეგორიზაციის პროცესი კვლავ მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ ხვალ პირველი ოქტომბერია და ეს პირები შემდგომი დღეების განმავლობაში აპირებენ ნებართვების აღებას. ასე მოხდა გასულ წელსაც, როდესაც ტაქსების რეფორმა პირველი ოქტომბრიდან დაიწყო. ტაქსების რაოდენობა, რომელთაც A კატეგორია მიენიჭათ, მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ რეფორმა შედგა. ტაქსების რეფორმა პირველი ოქტომბრით არ სრულდება - იქნება შემდგომი ეტაპებიც, რომელიც ტაქსის მომსახურების სერვისის გაუმჯობესებას ითვალისწინებს და შემდეგ რამდენიმეწლიან ჭრილში შეგვეძლება ვთქვათ, რამდენად კარგი იყო რეფორმა. ეს არის სწორი პროცესი და ნიუანსები, რომელთაც ამ მიმართულებით ვითვალისწინებთ"- თქვა მან.

2018 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა კანონი ტაქსების ლიცენზირების შესახებ. ერთწლიანი ლიცენზიის ღირებულება ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის 100, ჰიბრიდებისთვის კი - 50 ლარია. ელექტროავტომობილის შემთხვევაში ლიცენზია უფასოა. ულიცენზიოდ გადაადგილების შემთხვევაში, მძღოლს 200 ლარით დააჯარიმებენ. გარდა ამისა, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ავტომობილებით ტაქსის მომსახურების გაწევა აიკრძალდება, დარეგულირდება მანქანის ფერიც - A კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლები ვალდებულები არიან, ტაქსები თეთრად გადაღებონ. ეს მათთვის უფასოა და რეკლამის განთავსების სანაცვლოდ კეთდება. "თეთრ ტაქსებს" საჩუქრად გადაეცემათ მანათობელი წარწერით "TAXI თბილისი" - წითელი ფერის განათება იქნება იმ შემთხვევაში, როცა ტაქსი დაკავებულია, ხოლო თეთრი - როცა მანქანა თავისუფალია.

კომენტარები