დავით ზალკალიანი

ზალკალიანი პარლამენტში 15-18 ოქტომბრის სასესიო კვირაში, მინისტრის საათის ფორმატში წარდგება

0 კომენტარი
ფოტო: მარშალპრესი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პარლამენტში 15-18 ოქტომბრის სასესიო კვირაში მივა.

ზალკალიანი პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში წარდგება, რასაც ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა, რადგან ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ის კომიტეტის ფორმატში დაიბარა. დეპუტატების კითხვები მისი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრას შეეხება. 

ენმ-ის წევრი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს და მეტი სიცხადეა საჭირო. 

"რა შინაარსის იყო, რა მოთხოვნები ჰქონდა ქართულ მხარეს, რუსულ მხარეს, ჩვენ გვესმის მხოლოდ ზოგადი განცხადებები და დაცინვის ტონი რუსეთის მხრიდან, ამიტომ საჭიროა გაცილებით უფრო მეტი სიცხადის შემოტანა" - აღნიშნა მან. 

ევროპული საქართველოს წევრის, სერგი კაპანაძის თქმით, ზალკალიანის მოსმენა კომიტეტზე უფრო მიზანშეწონილი იქნება.

"კითხვა-პასუხის რეჟიმში და მას ექნება კონკრეტულ კითხვაზე პასუხის გაცემის საშუალება და არა მონოლოგის რეჟიმში, როგორიც არის ხოლმე მინისტრების გამოსვლა"- ამბობს სერგი კაპანაძე. 

რაც შეეხება მმართველ გუნდს, ისინი მინისტრის კომიტეტზე მოსვლის აუცილებლობას ვერ ხედავენ. 

"მინისტრი საათის ფარგლებში ამ თვეში ისედაც არის დაგეგმილი და აქედან გამომდინარე დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში. ჩვენ უნდა ვნახოთ რა შედეგებით ბრუნდება ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი და შემდეგი ნაბიჯები დავგეგმოთ ფრთხილად. ჩვენთვის მისაღები უნდა იყოს ყველა ნაბიჯი, რომელიც დაგვეხმარება სიტუაციის განმუხტვაში"- თქვა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.  

დავით ზალკალიანი და სერგეი ლავროვი ერთმანეთს ნიუ-იორკში, გაეროს სამიტის ფარგლებში, 26 სექტემბერს შეხვდნენ. ინფორმაცია შეხვედრის შესახებ თავდაპირველად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, სადაც წერდნენ, რომ შეხვედრაზე საუბარი რეგიონულ უსაფრთხოებასა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეეხო. 

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, სადაც ეწერა, რომ შეხვედრა შვეიცარიის შუამდგომლობითა და მათი ინიციატივით შედგა და მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია იყო. 

რუსული გაზეთი კომერსანტი კი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრის სურვილი თავდაპირველად ქართულმა მხარემ გამოთქვა. მოგვიანებით, იგივე თქვა რუსეთის საგარეო მინისტრმაც. ამის პასუხად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მხოლოდ ის თქვეს, რომ შეხვედრა შვეიცარიის "ორგანიზებითა და ჩართულობით" შედგა, ხოლო სხვა დანარჩენი "გახლავთ ინსინუაციები ამ თემაზე". 

დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა პირველი შემთხვევაა, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო მინისტრების ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები