აშშ

დონალდ ტრამპმა ავსტრალიის პრემიერს რობერტ მალერის გამოძიების წინააღმდეგ დახმარება სთხოვა

სკოტ მორისონი და დონალდ ტრამპი
AFP

ავსტრალიის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის პრემიერმინისტრს, სკოტ მორისონს სატელეფონო საუბრისას რობერტ მალერის სპეციალური გამოძიების სათავეების ძებნაში დახმარება სთხოვა.

ამერიკული და ავსტრალიური მედიის მიხედვით ტრამპმა მორისონს სთხოვა დახმარებოდა მალერის გამოძიების დისკრედიტაციისათის მტკიცებულებების მოძებნაში. ავსტრალიური მედიის მიხედვით ზარიდან მალევე აშშ-ში ავსტრალიის ელჩი თეთრ სახლს დაუკავშირდა და დახმარება შესთავაზა.

ავსტრალიის მთავრობაში ადასტურებენ, რომ სატელეფონო საუბარი მართლაც შედგა და პრემიერმინისტრი ტრამპს დახმარებას დაჰპირდა. ავსტრალიის მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ყოველთვის მზად არიან დაეხმარონ და ითანამშრომლონ გამოძიებასთან.

ამ საუბრის ტრანსკრიპტზე წვდომა, ისევე, როგორც ზელენსკისთან ზარის შინაარსზე, თეთრმა სახლმა ჩვეულ პროტოკოლზე მეტად შეზღუდა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი 25 ივლისს შედგა. საუბრის შინაარსზე მასალა თავდაპირველად The Wall Street Journal-მა გაავრცელა. მათ მიერ მომზადებულ მასალაში ეწერა, რომ ეს ინფორმაცია მათ არაერთმა წყარომ დაუდასტურა. საუბარია დონალდ ტრამპის თხოვნაზე ვოლოდიმირ ზელისნკის მიმართ.

გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა ზელენსკის, ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის მიმართ გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა. ჰანტერ ბაიდენი 2014-19 წლებში უკრაინული ნავთობკომპანიის "ბურისმას" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო.

24 სექტემბერს, ტრამპმა აღიარა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა თხოვნით, გამოძიებინათ ჯო ბაიდენის და მისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის საქმიანობა. ტრამპის თქმით, თხოვნას იძულების ან გავლენის მოხდენის შინაარსი არ ჰქონია. 

ტრამპმა, ასევე აღიარა, რომ თითქმის ორი თვით შეაკავა უკრაინისთვის განკუთვნილი 400 მილიონი დოლარის ფულადი დახმარების გაცემა.

CNN-ს წყარომ დაუდასტურა, რომ სწორედ ამ ზართან დაკავშირებით დაწერა სადაზვერვო უწყებაში მომუშავე პირმა სარჩელი, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა ერთ-ერთ უცხოელ ლიდერს არაკეთილსინდისიერი დაპირება მისცა. ამ დრომდე კონგრესისათვის სარჩელის გადაცემას ტრამპის ადმინისტრაცია ბლოკავდა.

დემოკრატიულმა პარტიამ კონგრესში დონალდ ტრამპის საიმპიჩმენტო გამოძიება დაიწყო.

ამის შემდეგ ტრამპმა საუბრის ტრანსკრიპტი გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ტრამპი ზელენსკის ბაიდენის და მისი შვილის საქმის გამოძიებას სთხოვს. ტრამპა რაიმე კანონდარღვევას უარყოფს და საიმპიჩმენტო გამოძიებას "კუდიანებზე ნადირობას" უწოდებს.

რაც შეეხება სპეციალურ გამომძიებელ რობერტ მალერს, ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ტრამპის კამპანიასა და რუსეთს შორის შესაძლო კავშირებს იძიებდა. გამოძიების ანგარიში მიმდინარე წლის აპრილში გამოქვეყნდა და მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებამ კრიმინალური კავშირის დადგენა ვერ შეძლო, არ გამოურიცხავს, რომ ტრამპი ცდილობდა ხელი შეეშალა მართმსაჯულებისათვის. მალერის გამოძიების დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო დიდ ბრიტანეთში ავსტრალიის უმაღლესი კომისრის მიერ გამოძიების ფედერალური ბიუროსათვის მიწოდებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა ჯორჯ პაპადოპოლუსმა 2016 წლის მაისში უთხრა, რომ მოსკოვი ჰილარი კლინტონზე კომპრომატებს ეძებდა.

პაპადოპოლუსი მსგავს საუბარს უარყოფს, თუმცა 2018 წელს 2 კვირა გაატარა ციხეში მას შემდეგ, რაც აღიარა, რომ გამოძიების ფედერალურ ბიუროს რუსეთის შუამავლებთან შეხვედრების შესახებ ატყუებდა.

კომენტარები