ბოკერია: უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენამ კატასტროფული სურათი გამოავლინა

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი სწორი პრაქტიკაა, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ პროცესმა კატასტროფული სურათი გამოავლინა, კონკრეტულად კი საუბარია იმ კანდიდატებზე, რომლებსაც უკვე მოუსმინეს დეპუტატებმა. ბოკერია პრობლემატურ საკითხებს შორის ასახელებს, კანდიდატების კვალიფიკაციას, მიკერძოებულობას, კეთილსინდისიერებას, ფასეულობებს. მისივე თქმით, პრაქტიკაში დადასტურდა ეუთოს დასკვნა, რომელმაც აჩვენა როგორი პრობლემატური და ნაჩქარევი იყო შერჩევის პროცესი.

 

"პირველი - კომპეტენციის ამბავში სრული კატასტროფა, ნეგატიური უფლებები არ იცოდა ერთერთმა მათგანმა, რამე სპეციალურ ცოდნაზე კი არ არის ლაპარაკი, ელემენტარული პირველი კურსის სტუდენტის ცოდნაზეა ლაპარაკი.

მეორე - კეთილსინდისიერება და მიუკერძოებლოება. აქაც რა დავინახეთ?! საჯაროდაც კი არ შეუძლიათ, რომ ხელისუფლების ან მათი კლანის კურსი რამეში გააკრიტიკონ. გვარების უხსენებლადაც კი ისეთი მნიშვნელოვანია ლოიალობის დემონსტრირება, გამოკითხვის დროსაც კი სიტყვით „ტყუილის“ თქმა არ შეუძლიათ, თუ საქმე ეხება მათი ხელმძღვანელების ან ხელისუფლების „ღირსებას“.

მესამე - ფასეულობები. მოსამართლე სერიოზულად გვეკამათებოდა, რომ რუსული ოკუპაციის დაგმობა არის სამოსამართლეო ეთიკის დარღვევა, კონკრეტულ საქმეზე კი არა, ზოგადად, ქვეყნის ჭირზე საუბარი, თურმე არის მისთვის მიუღებელი. საბჭოთა კავშირი ვერ შეაფასა მეორემ და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა იყო დემოკრატიული სახემწიფოო თქვა," - ამბობს ბოკერია.

ევროპული საქართველოს ლიდერი ასევე აღნიშნავს, რომ ეს პროცესი ლუსტრაცია იყო არა მხოლოდ მოსამართლეობის კანდიდატებისა, არამედ ქართული ოცნების წევრებისა, რომლებიც მათ კითხვებს უსვამდნენ და მხოლოდ ივანიშვილის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით ჰქონდათ კრიტიკული კითხვები.

"პირველი - გინდათ რომ ლანძღონ წინა ხელისუფლება და გაქონ თქვენ და რამდენჯერ აგიხსენით თქვენ, რომ წინა ხელისუფლების, ანუ დღევანდელი ოპოზიციის კრიტიკა კი არ არის დამოუკიდებლობის ტესტი, დღევანდელი ხელისუფლების მიმართ შეგიძლიათ თუ არა რამის თქმა ეგაა. ხვალ თქვენ, რომ აღარ იქნებით ხელისუფლებაში ეს ხალხი მზად არის, რომ შემდეგ ხელისუფლებაზე ილაპარაკოს კარგად და თქვენ გლანძღონ.

მეორე - რასაც თხოვდით იყო ივანიშვილის მოქალაქეობაზე, ერთადერთ სამართლებრივად გამართულ საქმეზე მოსამართლეს ბოლომდე მიაწექით, რომ როგორმე თავი გამოგეჩინათ, ერთადერთ იურიდიულად გამართლებულ საქმეში. ჩვენი მიქარვა იყო, რაც ვქენით ივანიშვილის მოქალაქეობაზე უდაოდ, მაგრამ არა მოსამართლის. და

მესამე - ყველაზე შემაშფოთებელი ეს არის მუხროვანის ამბოხების საქმე. ჩამოდგა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და წაგვიკითხა მოსამართლეს და ჩვენ ყველას მორალი, რომ თურმე ის ხალხი, ვინც პოლიტიკური მოსაზრებებით, როგორც თავად ამბობს, ტანკი დაქოქა და არ დაემორჩილა მთავრობას, არიან გმირები და ეს არ ყოფილა თურმე ამბოხი. მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ დაქოქილი ტანკით პოლიტიკური პროტესტი არის ამბოხის დეფინიცია. აქ რომ იყო გავრილოვის ღამის პროტესტი და ჩემი აზრით სამართლიანად აღშფოთებული მოქალაქეები, რომ გამოთქვამდნენ პროტესტს აქ მომხდარი სამარცხვინო ამბის გამო და ზოგიერთი პოლიციასთან ჭიდაობაში შევიდა, რასაც მე არ ვემხრობი იცით თქვენ ღიად, თქვენ აქ ლაპარაკობთ გადატრიალებაზე და ტანკი რომ დაექოქა რომელიმე სამხედრო ნაწილს კარგი იქნებოდა?! ტესტი ის კი არ არის თქვენ წინააღმდეგ ვინ არის იმ მომენტში ან ჩვენს წინააღმდეგ, ქვეყნისთვის რა არის კარგი ეგაა მთავარი," - მიმართავს ბოკერია უმრავლესობის წევრებს. 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტმა 23 სექტემბერს დაიწყო. ერთი კვირის განმავლობაში დეპუტატებმა 5 კანდიდატს მოუსმინეს, მოსმენები მომავალი კვირიდან გაგრძელდება. 

კომენტარები