ევროპული საქართველო

ჭიაბერაშვილი ქართულ ოცნებას: როდის აპირებთ ტაბლოების აკრძალვას სავალუტო ჯიხურებზე?

parliament.ge

ევროპული საქართველოს დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატის, ნუკრი ქანთარიას, სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა, რომელმაც 2012 წლის 1 ოქტომბრის შეფასებისას თქვა, რომ "მოქალაქე, პიროვნება განთავისუფლდა. მას შეუძლია დღეს ყოველგვარი კრიტიკული აზრის შემდეგ მშვიდობიანად წავიდეს სახლში". 

ჭიაბერაშვილმა ქანთარიას ჰკითხა, რა ხდება მაშინ, როდესაც, როგორც თავად ამბობს, მოქალაქე სახლში მშვიდად ბრუნდება და იქ ცარიელი მაცივარი ხვდება. 

"იმიტომ, რომ მდგომარეობაში, რაშიც თქვენ ჩააგდეთ 10 000-ობით და 100 000-ობით მოქალაქე საქართველოში, სწორედ ამას იძლევა, რომ დღეს მოქალაქეების დიდ ნაწილს სახლში ცარიელი მაცივარი აქვს,"- თქვა ჭიაბერაშვილმა. 

ჭიაბერაშვილმა ქართული ოცნების დეპუტატებს ნახევრად ხუმრობით ჰკითხა, როდის აპირებენ სავალუტო ტაბლოების აკრძალვას, რადგან ლარი დოლართან მიმართებით 3-იან მიჯნას მიუახლოვდა. 

"შეიძლება, ეს ნახევრად ხუმრობით დასმული კითხვაა, მაგრამ ქვეყნებში, სადაც რეგულაციების გზით წავიდნენ, მაგალითად, შუა აზიის ქვეყნებში, სილამაზე რომ შეელამაზებინათ, იქამდეც მივიდნენ, რომ ან საერთოდ აკრძალეს ვალუტის გადაცვლა ან ტაბლოები აკრძალეს ქუჩაში, რომ ხალხმა არ დაინახოს, როგორ გადაცდა რაღაც მიჯნას მათი ვალუტა და ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენ ვართ მიჯნაზე, როდესაც გადაცდება ლარი 3-იან მიჯნას," - თქვა ჭიაბერაშვილმა.

დეპუტატის თქმით, ქართული ოცნების გუნდს არ შეუძლია იმ ფუნდამენტური პრობლემების გამოსწორება, რის გამოც ლარი ამ მიჯნას გადაცდება და ამიტომ მათ, ჭიაბერაშვილისვე თქმით, ერთადერთი გზა აქვთ, რომ "მუდმივად ოცნების ფერებში დახატონ რეალობა". 

"აი, ის რეალობა, რომელიც გვეუბნება, რომ ათასობით ადამიანსცარიელი მაცივარი აქვს სახლში, თუ აქვს საერთოდ მაცივარი იმიტომ, რომ ქვეყანაში, თქვენს პირობებში, სიღარიბე ძალიან გაიზარდა და ყოველდღიურად, როცა აფთიაქებში და მაღაზიებში ადამიანები შედიან, გაძვირებული პროდუქტი და მედიკამენტები ხვდებათ,"- ამბობს ჭიაბერაშვილი. 

კომენტარები