ჩრდილოეთ კორეის მედია: აშშ და ჩრდილოეთ კორეა სამუშაო დონის მოლაპარაკებებს გამართავენ

Xinhua News Agency/Rex

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, აშშ და ჩრდილოეთ კორეა სამუშაო დონის მოლაპარაკებებს 5 ოქტომბერს გამართავენ.

ჩრდილოეთ კორეის ვიცე საგარეო საქმეთა მინისტრის ჩოე სონ ჰუეის ინფორმაციით, მხარეები წინასწარ შეხვედრას 4 ოქტომბერს გამართავენ.

"ველოდები, რომ სამუშაო დონის მოლაპარაკებები ჩრდილოეთ კორეისა და აშშ-ის ურთიერთობებს პოზიტიური განვითარების ბიძგს მისცემს," - აღნიშნა მან. 

მოლაპარაკების ადგილი და სხვა დეტალები უცნობია. 

სექტემბერში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, რომ ვაშინგტონი შეხვედრისთვის მზად იყო. 

ორი დღის წინ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილმა მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეას ბირთვული განიარაღების სურვილი არ ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ვიეტნამში გამართული სამიტის წარუმატებლად დასრულების შემდეგ ჩრდილოეთ კორეა სარაკეტო გამოცდების ჩატარებას განაგრძობს.

ამ სამიტის შემდეგ კიმ ჩენ ინი დონალდ ტრამპს სამხრეთ კორიეს საზღვარზე, დემილიტარიზებულ ზონაში შეხვდა და მათ მოლაპარაკებების განახლებაზე ისაუბრეს.

ამის შემდეგ ჩრდილოეთ კორეამ გააკრიტიკა აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნები და ის ომისათვის მზადებას შეაფასა. ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ აშშ არღვევს პირობას სამხრეთ კორეასთან ერთობლივის სამხედრო წვრთნების შეწყვეტის თაობაზე და ამის გამო აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის მოლაპარაკებები საფრთხის ქვეშაა.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-სა და სამხრეთ კორეას დაგეგმილი სამხედრო წვრთნები არ გაუუქმებიათ, მისი მასშტაბები შეამცირეს.

კომენტარები