არჩევნები 2020

ჩარლზ ტანოკი: ოცნებით და ენმ-თი განხიბლულ ქართველებში დინამიურ ძალას შეუძლია ფეხი მოიკიდოს

1999-2009 წლებში ევროპარლამენტის წევრი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიიდან და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში აქტიურად ჩართული პოლიტიკოსი ჩარლზ ტანოკი აქვეყნებს წერილს, სადაც წერს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მოულოდნელი გამარჯვება უკრაინაში ცხადჰყოფს, თუ რამდენად შესაძლებელია ახალი, დინამიური და რეფორმატორი პოლიტიკური ძალისთვის ფეხის მოკიდება საქართველოშიც.

"როგორც უკრაინაში ვნახეთ, გლობალურად ურთიერთდაკავშირებულ ხანაში ვცხოვრობთ, სადაც დიდია სურვილი უფრო რადიკალური ცვლილებისა და პოლიტიკური აუტსაიდერებისთვის ნიადაგი იმაზე უკეთესია, ვიდრე ოდესმე. როცა საქართველოდან შავი ზღვის მიღმა უყურებენ უკრაინას, ხედავენ, რომ ძველებური წესრიგი შეიძლება საარჩევნო ყუთთან ამოყირავდეს და რომ შესაძლებელია, გამოჩნდეს ახალი პარტია გამომწვევი იდეებითა და ქარიზმატული ლიდერით." - წერს ბრიტანელი.

მისი თქმით, ორი მთავარი პარტია, ქართული ოცნება და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, საზოგადოების მცირე ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობს და დიდია იმათი რიცხვი, ვინც ამ ორ ძალასთან გაუცხოების გამო პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობაზე უარს ამბობს.

"ქართველი ამომრჩეველი ცოტა არ იყოს, დაღლილი და ცინიკურია როცა საქმე ხმის მიცემაზე მიდგება. როგორც 2019 წლის აპრილის NDI-ს კვლევამ აჩვენა, ქართველების მხოლოდ 21% უჭერს მხარს ქართულ ოცნებას, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას - მხოლოდ 15%. პოტენციურად, ეს დიდ სივრცეს ტოვებს პოლიტიკურ სპექტრში ახალბედა, შთამაგონებელი პარტიისთვის."

ამ კონტექსტში ტანოკი საუბრობს ახლად დაფუძნებულ მოძრაობა ლელოზე, ადარებს რა მას ვოლოდიმირ ზელენსკისა და ემანუელ მაკრონის პარტიებს:

"გასულ კვირებში ვნახეთ, რომ საქართველოში ჩამოყალიბდა მოძრაობა ლელო. ეს ლიდერების ახალი, ენერგიული ტალღის ნაწილია, ვინც მოწადინებულები არიან, დამკვიდრდეს კანონის უზენაესობა. ეს ლიდერები მოდიან საზოგადოების ყველა სექტორიდან. ეს ახალი ძალა მხოლოდ ზელენსკის ისტორიულ, 80%-ით ახალ, ენთუზიაზმით სავსე დეპუტაციას კი არ გვაგონებს, არამედ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მოძრაობა En Marche!-საც (წინ!) საფრანგეთში, როგორც წევრების მონდომებულობის, ისევე მათი მრავალფეროვანი ბექგრაუნდის თვალსაზრისით. საქართველოში მნიშვნელოვანია არამხოლოდ განხიბლული და მზარდად აპათიური ამომრჩევლის შთაგონება, არამედ ახალი და უნარიანი პოტენციური ლიდერების წარმოდგენაც."

ჩარლზ ტანოკი - ევროპარლამენტარი 1999-2009 წლებში ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიიდან. იყო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი. 2004 წლის უკრაინის საპარლამენტო არჩევნებზე იყო ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის თანაშემწე. 

 

კომენტარები