ქართული ოცნება

ღარიბაშვილი: "ოცნების" ხელისუფლება ერთადერთია, რომლის დროსაც ტერიტორიები არ დაგვიკარგავს

ირაკლი ღარიბაშვილი
იმედი

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება ერთადერთია, რომლის პირობებშიც ქვეყანას ტერიტორიები არ დაუკარგავს.

ტელეკომპანია იმედის ეთერში ღარიბაშვილმა ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის 7 წელი შეაფასა.

მისი თქმით, ქვეყანაში სტაბილური და მშვიდობიანი მმართველობაა, რაც უპრეცედენტოა. 

"პირველი პრეცედენტი დაიშვა ჩვენი ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის პერიოდში, რომ ჩვენმა ქვეყანამ არ დაკარგა ტერიტორიები. ყველა მმართველის პერიოდში საქართველომ დაკარგა ტერიტორიები. ვერ აარიდა, სახელმწიფოს ჩვენმა წინამორბედებმა ისეთი დიდი ტრაგედია და განსაცდელი, როგორიც ძვირფასი ტერიტორიების დაკარგვაა". 

მისივე თქმით, პირველი ოქტომბერი არის ქართველი ხალხის უგუნურობასა და ძალადობაზე გამარჯვების ისტორიული თარიღი.

ამასთან, ქართული ოცნების მთავარი იდეა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაა, 

"პირველი ოქტომბერი არის ისტორიული თარიღი. ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული გამარჯვება ძალადობაზე და უგუნურობაზე. ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით და ლიდერობით, ქართველმა ხალხმა უარი უთხრა მოძალადე რეჟიმს. ჩვენი იდეა არის უცვლელი- დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა, რომელსაც ვადგავართ პირველი ოქტომბრიდან. რა თქმა უნდა, შეცდომები და გადაცდომები იყო, მაგრამ ვინც არ მუშაობს, შეცდომებს არ უშვებს. რაც მთავრია, ჩვენ ვხედავთ შეცდომებს, ჩვენ ვაანალიზებთ და მივდივართ წინ, ყოველგვარი ზედმეტი გართულებების გარეშე. იმ მმართველებს, რომლებმაც ისეთი დიდი უბედურება ვერ აგვაცილეს, როგორიც ტერიტორიების დაკარგვაა, არავითარი მორალური სამართლებრივი უფლება არ უნდა დავუტოვოთ, ნორმალურ სახელმწიფოში, პოლიტიკაში დარჩენის შესაძლებლობის. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია. რა თქმა უნდა, თუ ამას დავამატებთ ყველა იმ უბედურებას, რომელიც მათი ხელისუფლების დროს მოხდა. მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი შეცდომა ეს არის ტერიტორიების დაკარგვა, რომელიც მათ ვერ ააცილეს ჩვენ ქვეყანას", - თქვა მან. 

ქართული ოცნება ხელისუფლებას 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ფლობს. 

2008 წლის ომის შემდეგ რუსმა ჯარისკაცებმა საოკუპაციო ხაზი არაერთხელ გადმოსწიეს, რის შედეგადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს არაერთი მოქალაქის კუთვნილი მიწა მოექცა. ასევე, ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით საკუთარი სასოფლო-სამეურნეო მიწიდან იტაცებენ ადგილობრივ მცხოვრებლებს. 

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა გორის სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა 15 აგვისტოს ,მოხდა, როცა რუსმა ოკუპატნებმა საოკუპაციო ხაზი გადმოსწიეს, რის შედეგადაც ორი ოჯახის - რაზმაძეების და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. საოკუპაციო ძალებმა სოფელში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყეს.

ასევე, გუგუტიანთკარიდან გაიტაცეს საქართველოს 8 მოქალაქე. მათი გათავისუფლება რამდენიმე დღის შემდეგ მოხერხდა. 

კომენტარები