სახელმწიფო ბიუჯეტი

საპენსიო ფონდზე მთავრობა 200 მილიონს დახარჯავს — თანხების ინვესტირება ჯერ არ დაწყებულა

2020 წლის ბიუჯეტის პროექტით, მთავრობა საპენსიო ფონდის თანადაფინანსებითვის 200 მილიონ ლარს დახარჯავს. საპენსიო ფონდის დაფინანსება დაგეგმილზე გაიზარდა მიმდინარე წელსაც. 

2019 წლის ბიუჯეტის ცვლილების კანონპროექტის მიხედვით, 20 მილიონით გაიზარდა სახელმწიფოს თანადაფინანსების წილი საპენსიო სქემაში. სულ მიმდინარე წელს საპენსიო სქემის დაფინანსებისთვის მთავრობა 110 მილიონ ლარს დახარჯავს.

ცვლილების დოკუმენტში ნათქვამია, რომ ცვლილება გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ საპენსიო სქემაში უფრო მეტი პირი დარჩა, ვიდრე პროგნოზირებული იყო სქემის ამოქმედებამდე. 

როგორც დოკუმენტშია ნათქვამია, იზრდება საპენსიო ფონდის სააგენტოს რიცხოვნობაც. უწყებას 5 ადამიანი შეემატება, რაც ფონდის საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტებით არის გამოწვეული. 

დაწესებული სქემის მიხედვით საპენსიო ფონდში გადარიცხვები თანაბარი 2-2%ით ნაწილდება, დასაქმებულებს, დამსაქმებლებსა და სახელმწიფოზე. საპენსიო ფონდმა მუშაობა საინვესტიციო საბჭოს არ არსებობის პირობებში დაიწყო.

პირველი ოქტომბრის მონაცემებით, საპენსიო ფონდში 350 მილიონი ლარია მობილიზებული, ამ თანხების ინვესტირების პროცესი ჯერჯერობით არ დაწყებულა. თანხა ეროვნული ბანკისა და სხვა კომერციული ბანკების ანგარიშზეა მობილიზებული, რომელზეც საშუალოდ, 6%-იანი სარგებელი ერიცხება. 

 

კომენტარები