სამშენებლო ნარჩენები

კალაძე: სამშენებლო ნარჩენების უკანონო დაყრასთან დაკავშირებით ჯარიმები გაიზრდება

თბილისის მერია

სამშენებლო ნარჩენების უკანონო დაყრასთან დაკავშირებით, ჯარიმები გაიზრდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯარიმების გაზრდასთან დაკავშირებით კანონპროექტი უკვე მზად არის.

კალაძის თმით, დიდ პრობლემას წარმოადგენს სამშენებლო ნარჩენები, რადგან სამშენებლო ობიექტების მხრიდან ხშირად, ნარჩენების განთავსება სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში არ ხდება.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს გამოყოფილი კონკრეტული ლოკაციები იმისთვის, რომ სწორედ ამ ადგილებზე განთავსდეს სამშენებლო ნარჩენები, მშენებარე ობიექტები არღვევენ კანონს და სხვადასხვა ადგილებში ყრიან სამშენებლო ნაგავს. ეს შეიძლება იყოს მუნიციპალიტეტის ტერიტორია ან კერძო საკუთრება. ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს", - თქვა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აქამდე ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმა ერთ კუბურ მეტრამდე სამშენებლო ნარჩენის დაყრაზე იყო 200 ლარი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 500 ლარი, საკანონმდებლო ინიციატივა კი ითვალისწინებს მის გაზრდას ფიზიკურ პირზე 1000 და იურიდიულ პირზე 3000 ლარამდე.

კალაძის განმარტებით, ძველი კანონმდებლობით, ერთი კუბური მეტრი და მეტი მოცულობის სამშენებლო და სხვა ინერტული ნარჩენების დაყრაზე ჯარიმა ფიქსირებული იყო და ფიზიკური პირის შემთხვევაში, 500 ლარს წარმოადგენდა, ხოლო 1 500 ლარს იურიდიული პირის შემთხვევაში.

"საკანონმდებლო ინიციატივით ჩვენ ვაკეთებთ გრადაციას, რომლის მიხედვით, ერთიდან 10 კუბურ მეტრამდე ჯარიმა ფიზიკურ პირისთვის იქნება 3 000 ლარი, ხოლო იურიდიული პირისთვის 6 000 ლარი. 10-დან 50 კუბურ მეტრამდე სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენების დაყრაზე ჯარიმა იქნება ფიზიკური პირისთვის 10 000 ლარი, ხოლო იურიდიული პირისთვის - 30 000 ლარი. 50 ან 50-ზე მეტი კუბური მეტრის შემთხვევაში, ჯარიმა ფიზიკური პირისთვის იქნება 30 000 ლარი, ხოლო იურიდიული პირისთვის 50 000 ლარი", - ამბობს კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ეს საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება.

კომენტარები