ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში პოლიციელის მიერ თინეიჯერის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრას აპროტესტებენ [VIDEO]

Twitter

ჰონგ-კონგში პოლიციელის მიერ 18 წლის სტუდენტისთვის გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლას აპროტესტებენ.

ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც პოლიციამ პროდემოკრატიული აქციის მომიტინგეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

დაჭრილს ტყვია მარცხენა ფილტვში მოხვდა და გულს სამი სანტიმეტრით ასცდა. საავადმყოფოში მას ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.

პოლიციის საწინააღმდეგო მსვლელობა სხვადასხვა ლოკაციიდან მიმდინარეობს.

ჰონგ-კონგის არაერთი სასწავლო დაწესებულების მოსწავლეებმა ბოიკოტი გამოაცხადეს.

1 ოქტომბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 70-ე წლისთავზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას 100-ზე მეტი ადამიანი დაჭრეს. 35-ის მდგომარეობა სტაბილურია, ხუთის - მძიმე.

გუშინდელ აქციაზე პოლიციამ 269 ადამიანი დააკავა და დაახლოებით 1 400 ცრემლსადენი გაზი, 900 რეზინის ტყვია გამოიყენა.

1-ლ ოქტომბერს პეკინში სამხედრო აღლუმი გაიმართა, რომელზეც ქვეყნის ლიდერი სი ძინპინი სიტყვით გამოვიდა. მან ჩინეთის მშვიდობიან განვითარებაზე ისაუბრა.

მან თქვა, რომ ჩინეთმა უნდა შეინარჩუნოს კეთილდღეობა და სტაბილურობა ჰონგ-კონგსა და მაკაოში, ხელი შეუწყოს ურთიერთობების მშვიდობიან განვითარებას თვითმმართველ ტაივანთან და ამასთანავე იბრძოლოს სრული გაერთიანებისათვის.

ჩინეთის დიქტატურა დაგმო ტაივანმა. ტაივანის მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩინეთი სამხედრო ექსპანსიისათვის მიზეზს ეძებს და საფრთხეს წარმოადგენს. ისინი აღლუმზე სი ძინპინის გამოსვლას გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ ტაივანი არასოდეს დათანხმდება "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" მოდელს.

შეგახსენებთ, რომ ივნისში ჰონგ-კონგში პროდემოკრატიულ აქციები კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით დაიწყო და ქალაქში პეკინის გაზრდილი გავლენის პროტესტით გრძელდება. 

4 სექტემბერს ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევა საჯაროდ დააანონსა.

თუმცა, ეს ჰონგ-კონგელი აქტივისტების ერთადერთი მოთხოვნა არ ყოფილა. "5 მთავარი მოთხოვნა, არც ერთით ნაკლები" - საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას მთავრობის ქმედებისა და პოლიციის ძალის გადამეტების შედეგად პროტესტი ექსტრადიციის საკითხს გაცდა და მომიტინგეებმა საბოლოოდ კიდევ 4 მთავარი მოთხოვნა დაამატეს - თავისუფალი არჩევნები; აქციაზე დაპატიმრებულების გათავისუფლება; პოლიციის ქმედებების დამოუკიდებელი გამოძიება და საპროტესტო აქციების აღწერის, როგორც "არეულობის", შეწყვეტა.

1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით - ე.წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და ასევე დამოუკიდებელი სასამართლოთი განსხვავდება. ჰონგ-კონგს აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და საკუთარი ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს.

ძირითად კანონს ვადა 2047 წელს ეწურება. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები